დღეს თეთრი ხმაურის მოძრაობის გამართულ აქციაზე 2 პირი დააკავეს. მოძრაობის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი EMC-ის მკვლევარი შოთა ხინჩაგაშვილია.

დაკავებულები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, სადაც მათი მხარდამჭერი აქცია იმართება.

"აქტივისტების გასათავისუფლებლად იურისტები და სახალხო დამცველი მუშაობენ, თუმცა EMC-ის იურისტებს ჯერ კიდევ არ აძლევენ დაკავებულების მონახულების საშუალებას" - წერს თეთრი ხმაურის მოძრაობა თავის ფეისბუკის გვერდზე. მოძრაობაში ასევე აცხადებე, რომ ისინი ტროტუარზე ჯდომის გამო დააკავეს.

როგორც შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, ორივე აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 400 ლარიანი ჯარიმით, ან გამასწორებელ სამუშაოებით ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 90 დღემდე ვადით.

აქტივისტების დაკავების კადრები აქციიდან