ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება Virgin Galactic-ის სუბორბიტული ტურისტული ხომალდის ინტერიერი. კომპანიამ ექვსადგილიანი SpaceShipTwo-ს დიზაინი 28 ივლისს წარადგინა.

ინტერიერი, რომელიც კომპანიამ ლონდონში დაფუძნებული სააგენტოს, Seymourpowell-თან ერთად შეიმუშავა, ერთობ დახვეწილია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კაბინის ფერთა გამა ფრთხილად შეარჩიეს და იგი სავარძლებისა და კოსმოსური კოსტუმების ფერებთანაა შეხამებული.

მგზავრთა მაქსიმალური კომფორტისთვის, ექვსივე სავარძელს უკან გადახრა შეუძლია, მათ ზურგებზე კი ეკრანებია დამაგრებული, სადაც ფრენის შესახებ მონაცემები იქნება განთავსებული. ტურისტ ასტრონავტებს ასევე კომუნიკაციის პირადი სისტემაც ექნებათ, რაც მათ პილოტებთან წვდომის საშუალებას მისცემს.

SpaceShipTwo ჰაერში WhiteKnightTwo-ს დახმარებით აფრინდება, რომელიც ხომალდს დაახლოებით 15 ათას მეტრ სიმაღლეზე აიყვანს და მერე მისგან განცალკევდება. ამ დროს SpaceShipTwo-ს ძრავი ჩაირთვება და ხომალდი სუბორბიტულ კოსმოსში დაიწყებს ფრენას.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კაბინის 12 დიდ ფანჯარას რბილი, ფართო კიდეები აქვს, რაც ასტრონავტებს კომფორტულად მოწყობასა და როგორც გარე კოსმოსის, ასევე დედამიწის ხედებით დატკბობაში დაეხმარება. ასევე, თითოეული მგზავრი კაბინაში განთავსებული 16 კამერის მეშვეობით საკუთარი გამოცდილების შესახებ ვრცელ ჩანაწერს მიიღებს.

ფოტო: Virgin Galactic

კაბინის დათვალიერებას AR მობილური აპლიკაციითაც შეძლებთ და ის ორივე, App Store-დან და Play Store-დან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

"ჩვენ განსაკუთრებულად ამაყები ვართ, რომ ამ მიღწევის გაზიარება უამრავი ადამიანისთვის შეგვიძლია, თანაც ასეთ უჩვეულო დროს", — განაცხადა Virgin Galactic-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკლ კოლგლაიზერმა.

კომპანიას აქამდე მგზავრები კოსმოსში არ გაუყვანია, თუმცა იგი მიზანთან ძალიან ახლოსაა. ხომალდის ბილეთის ფასი $250 ათასი იქნება და ამჟამად ადგილი 600-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი.