ზუსტი ლოკაცია, საიდანაც ვინსენტ ვან გოგმა სავარაუდოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დახატა თავისი ბოლო შედევრი, საფოსტო მარკის მეშვეობით იპოვეს.

ნახატ ხის ფესვების სცენა — პარიზის მახლობელ სოფელ ოვერ-სიურ-უაზის ბორცვის ფერდობზე ამოზრდილი ხეებისა და ფესვების სცენა — პირველად 1900-1910 წლებით დათარიღებულ საფოსტო მარკაზე შენიშნა ვან გოგის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ვოუტერ ვან დერ ვეენმა.

ნახატის, საფოსტო მარკისა და ფერდობის ამჟამინდელი მდგომარეობის შედარებითი შესწავლის შემდეგ ვან გოგის მუზეუმის მკვლევრებმა და ისტორიული ვეგეტაციის სპეციალისტმა ბერტ მეისმა დაასკვნეს, რომ "ძალიან სარწმუნოა" ის ვარაუდი, რომ ვან გოგის ფუნჯის უკანასკნელი მონასმების ადგილი სწორედ ეს იყო.

ფოტო: Institut Van Gogh

ნახატის მთავარი ხის ტანი ჰოლანდიელი ოსტატის სიკვდილიდან 130 წლის შემდეგაც დგას.

დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ ვან გოგი თავის ნახატზე ხის ფესვები თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მუშაობდა.

თეო ვან გოგის ცოლისძმა ანდრიეს ბონგერმა თავის წერილში აღწერა დილა ვინსენტის სიკვდილამდე, როცა მხატვარმა "დახატა ტყის სცენა, მზითა და სიცოცხლით სავსე".

ეს ადგილი, რომელიც უსაფრთხოებისთვის ხის სტრუქტურითაა გამაგრებული, ოფიციალურად აღიარეს ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდა ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის გენერალური დირექტორი ემილი გორდენკერი და თეოს შვილთაშვილი ვილემ ვან გოგი.

"ვან გოგის დახატული მზის სინათლე იმაზე მეტყველებს, რომ ფუნჯის უკანასკნელი მონასმები შუადღის მიწურულს დაიხატა, რაც მისი თვითმკვლელობის ამ დრამატული დღის მსვლელობის შესახებ მეტ ინფორმაციას გვაწვდის", — თქვა ვან დერ ვეენმა.

ვან გოგის მუზეუმის მკვლევარმა ტეიო მეედენდორპმა თქვა, რომ ამ ადგილს, ვან გოგის ბოლო დღეების საცხოვრებლიდან 150 მეტრის მოშორებით რომ მდებარეობს, მხატვარმა, სავარაუდოდ, არაერთხელ ჩაუარა, სანამ საბოლოოდ მისი ტილოზე უკვდავყოფა არ გადაწყვიტა.

"საფოსტო მარკაზე გამოსახული მცენარეულობა ძალიან წააგავს ვან გოგის ნახატის ხის ფესვებს. ის, რომ ეს მისი ბოლო ნახატია, მას კიდევ უფრო გამორჩეულსა და დრამატულს ხდის. ალბათ, ოვერის ციხე-სიმაგრის უკან გადაჭიმულ მინდორ-ველებზე მიმავალს ბევრჯერ ჩაუვლია ამ ადგილისთვის. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ კვირაში [ოვერის მახლობლად] მან რამდენჯერმე დახატა, ბოლოს კი აქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით", — თქვა მან.