თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს ურჩევს, უარი თქვან საკუთარ მანქანებზე და საზოგადოებრივი ტრასნპორტით იმოძრაონ. ამის შესახებ მან მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომიდან მოუწოდა.

"თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად ავტომობილების რაოდენობა 5-7 პროცენტით იზრდება. ის, რაც ხდება დედაქალაქში, ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს", — განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გადატვირთული მოძრაობის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

მერის განცხადებით, არ კრძალავენ კერძო ტრანსპორტს, უბრალოდ, ცდილობენ, აჩვენონ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მოსახერხებელია. მით უმეტეს, რომ ქალაქს არ აქვს ყველა გზის გაფართოებისა და კერძო ავტომობილებზე მორგების შესაძლებლობა.

მსგავსი იდეა თბილისის მერს კარანტინის დროს გაუჩნდა, როდესაც ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იყო. მაშინ მან გამოთქვა სურვილი, მანქანით გადაადგილების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად, კვირაში ერთი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ.

თავად თბილისის მერიც კერძო ტრანსპორტით მოძრაობს და საზოგადოებრივ ტრასნპორტს ძირითადად მაშინ იყენებს, როცა ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს წარადგენს.