CNN-ის ცნობით, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ავსტრალიაში 2019-2020 წელს მომხდარი ხანძრების შედეგად, სამ მილიარდამდე ცხოველი დაიხოცა ან მათ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. იანვრის კვლევების მონაცემებთან შედარებით, ეს რიცხვი, დაახლოებით, სამჯერაა გაზრდილი.

CNN-ის ინფორმაციით, ხანძრები შეეხო 140 მილიონ ძუძუმწოვარს, 2,46 მილიარდ ქვეწარმავლს, 180 მილიონ ფრინველსა და 51 მილიონ ბაყაყს. მათივე ცნობით, ქვეწარმავლებზე ხანძრების ზემოქმედების რიცხვი სხვებთან შედარებით ასეთი მაღალი იმის გამოა, რომ მათი რაოდენობა ერთ ჰექტარზე გაცილებით მეტია ვიდრე ძუძუმწოვრებისა თუ ფრინველების.

ხანძრის ზემოქმედების ზონიდან მეცნიერებმა 11,46 მილიონი ჰექტარის სიდიდის ტერიტორია შეისწავლეს. 15 ათასზე მეტი ხანძრით, 2019-20 წლები ავსტრალიისთვის ყველაზე მძიმე ე.წ ხანძრის სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის საბოლოო, დეტალური შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი, მეცნიერები შუალედურ შედეგებსაც შოკისმომგვრელად აფასებენ.

"რთულია, გავიხსენოთ სხვა ისეთი მოვლენა, რომელმაც მსოფლიოში ამდენი ცხოველი დახოცა ან დააზიანა. ამას, შეიძლება, თანამედროვე ისტორიაში ველური ბუნების ყველაზე საშინელი კატასტროფა ვუწოდოთ", — განაცხადა ავსტრალიის ბუნების მსოფლიო ფონდის დირექტორმა.