წინასწარ გაფრთხილებთ — ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვეღარასდროს შეძლებთ, ისე ითამაშოთ საკულტო თამაში Super Mario, რომ ასევე კლასიკად ქცეული ფილმის, მიმინოს მელოდია არ წაიღიღინოთ და ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ვახტანგ კიკაბიძე, არ მოგაგონდეთ.

საქმე ისაა, რომ ქართულმა შემოქმედებითმა კომპანია Holy Motors-მა Ping Pong Studio-სთან ერთად ერთწუთიანი ანიმაცია შექმნა, სადაც მიმინო სწორედ Super Mario-ს სტილშია გაცოცხლებული. ამ ორიგინალური ფორმით კომპანიამ ქართველ მსახიობსა და მომღერალს, ვახტანგ "ბუბა" კიკაბიძეს 82-ე იუბილე მიულოცა.

"საუკუნის ყველაზე დასამახსოვრებელ ქართველ კაცს, ჩვენს ელვის პრესლის, ფრენკ სინატრასა და ჯორჯ კლუნის, ვახტანგ ბუბა კიკაბიძეს ვულოცავთ 82-ე დაბადების დღეს ოდნავ დაგვიანებით და უსასრულო სიხარულს ვუსურვებთ!" — წერია ფეისბუქპოსტის აღწერაში.

ანიმატორ გურიკა ჩოხელთან და მის დაფუძნებულ Ping Pong Studio-სთან ერთად შექმნილი ანიმაცია ერთგვარი სამადლობელია იმ ფილმისთვის, რომელიც კლასიკურ ქართულ საშობაო კინოდაა ქცეული.

1977 წელს გამოსული კომედია პილოტის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლის ოცნებაც მსოფლიო ავიახაზებისთვის მუშაობაა. ამ მიზნის მისაღწევად ფილმის გმირი საქართველოს პატარა სოფლიდან მოსკოვში გაემგზავრება, საბჭოთა დედაქალაქში კი იგი შეხვდება რუბენს, სატვირთოს მძღოლს, რომლის როლსაც ფრუნზიკ მკრტჩიანი ასრულებს და ეს უცნაური წყვილი ერთად მრავალ თავგადასავალში გაეხვევა.

ფილმის რეჟისორი გიორგი დანელიაა, სცენარი კი რეზო გაბრიაძეს და ვიქტორია ტოკარევას ეკუთვნით. კინოსურათში გამოყენებული მუსიკის და საქვეყნოდ ცნობილი სიმღერის — "ჩიტო-გვრიტოს" ავტორი გია ყანჩელია. თამაშის მუსიკის სტილში დამუშავებულ ამ მელოდიას ანიმაციაშიც მოისმენთ.

იდეა, რომელიც ხუმრობის სახით დაებადა გიორგი ავალიანს, Nintendo-ს სამყაროში გურიკა ჩოხელმა და Nick Kumbari-მ გააცოცხლეს, რისთვისაც კომპანია Holy Motors მათ დიდ მადლობას უხდის.

"ბუბას გულით ვულოცავთ დაბადების დღეს და სულ კაი ხასიათზე ყოფნას ვუსურვებთ", — დასძენენ ისინი On.ge-სთან საუბარში.