აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებს კვლევების ჩატარებისას დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა უწევთ. მათ, ვინც სქესობრივ განსხვავებებს სწავლობენ, თავიანთი ნაშრომების მიზოგინების და სექსისტების არასწორი ინტერპრეტაციებისგან დაცვა უწევთ.

NIH-ის ნეიროგენომიკის სპეციალისტმა, არმინ რაზნაჰანმა ცოტა ხნის წინ PNAS-ში კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ის კოლეგებთან ერთად სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომების და ტვინის რეგიონების ზომის კავშირზე წერს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევა ექიმებს ნერიოგანვითარების დაქვეითების შესწავლაში დაეხმარებათ.

სქესთან დაკავშირებული გენეტიკური განსხვავებები რიგ ფიზიოლოგიურ სხვაობებზე აისახება. ზოგი დაავადება სქესთან შეჭიდულია, ზოგიც კი სხვადასხვა კარიოტიპის მქონე ადამიანებში სხვადასხვანაირად ვლინდება. ამ განსხვავებების შესწავლა მეცნიერებს დაავადებების მექანიზმის გაგებაში ეხმარებათ.

თუმცა, სქესობრივი განსხვავებების შესწავლისას რაზნაჰანს საკუთარი კვლევების არასწორი ინტერპრეტაციებისგან დაცვა უწევს. "ისეთ წინაღობებს გადავაწყდი, მუშაობის დაწყებისას რომ ვერც წარმოვიდგენდი", — ამბობს რაზნაჰანი.

იმ დროს ის იმას იკვლევდა, თუ როგორ იცვლება დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინი სქესის მიხედვით. ქალებს და კაცებს შორის ამ მხრივ განსხვავებები არსებობს. კვლევაში მხოლოდ სტრუქტურული განსხვავებები იყო ნახსენები და არაფერი იყო ნათქვამი ფუნქციურ სხვაობებზე. თუმცა Wall Street Journal-ისთვის ამას ხელი არ შეუშლია, სტატიის ციტირებისას დაესკვნა, რომ სკოლების სქესობრივი სეგრეგაცია მოსწავლეებს უკეთ სწავლაში შეიძლებოდა დახმარებოდა.

რადგან ეს ასეთი საფრთხილო თემაა და მსგავსი კვლევების პრაქტიკული მნიშვნელობა დღეისთვის ბოლომდე განსაზღვრული არაა, ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სქესობრივი ნიშნით ტვინის ასე დეტალურად შესწავლა არც ღირს. თუმცა არიან ისეთები, ვინც მსგავს კვლევებს არსებითად საჭიროდ თვლიან.

"არ იქნებოდა სწორი, აღმოჩენების გაკეთებაზე იმის შიშით გვეთქვა უარი, რომ მიღებულ შედეგებს დამახინჯებულად გამოიყენებენ", — აღნიშნავს სამედიცინო ფარმაკოლოგიის პროფესორი, მარგარეტ მაკართი.