ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, აჯამებს 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

EMC ლგბტ პირების უფლებებზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ეს თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ქართულ საზოგადოებაში:

"2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თემმა კვლავ ვერ მოახერხა შეკრების თავისუფლებით სარგებლობა სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არ არსებობის გამო. ამასთან, პოლიციამ თვითნებურად და ღირსებისშემლახავი ფორმებით დააკავა ლგბტ აქტივისტები, რომლებმაც საკუთარი კრიტიკის გამოხატვა პარტიზანული ფორმით საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების გაკეთებით სცადეს. პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა დაკავებული აქტივისტების მიმართ მკვეთრი ჰომოფობიური ენის გამოყენების შემთხვევები".

EMC ტრანსგენდერი ქალის ზიზის მკვლელობას და საჯარო სივრცეში ტრანსგენდერი პირების ცემისა და ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება:

"ჰომო/ბი/ტრანფობიური ძალადობის ზრდის ტენდენცია გახმაურებულ საქმეების არაეფექტიანი გამოძიებით, პოლიციის არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციური გაუმართაობით და ნაკლები სენსიტიურობით, ასევე მზარდი ჰომო/ბი/ტრანსფობიური საჯარო რიტორიკით უნდა აიხსნას".

EMC აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ულტრანაციონალისტური ჯგუფები მობილიზდნენ, რომლებიც ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩევიან და დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლებს საჯარო სივრცეებში ღიად ესხმიან თავს.

ამ ჯგუფების გაძლიერების მიზეზად, ორგანიზაცია თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტიან პოლიტიკას ასახელებს.