ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა. კითხას: "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?", დადებითი პასუხი 38%-მა გასცა, ხოლო 15% პასუხობს: "არ ვიცი".

ფოკუს ჯგუფების მონაწილეებს ჰკითხეს, რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგნი, პასუხები კი ასეთია:

  • "ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე";
  • "თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება";
  • "აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს";
  • "მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს".

NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი. თითოეულ ქალაქში 2 ფოკუს ჯგუფი იყო: შერეული ასაკი, სქესი და დასაქმების სტატუსი. მონაწილეები შეარჩიეს ორი მეთოდით: CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და "თოვლის გუნდის" მეთოდი. ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.