თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროდან სპეციალური ექსპერტების მოწვევას აპირებს, რათა გარდაცვლილის კომპიუტერი გაიხსნას. მისივე თქმით, უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, საელჩოს.

ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"ეტყობა, ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. როცა უნდათ, დაშინებისა და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან. როცა უნდათ, ევაჭრებიან. სიტყვისა და გამოხატვის უფლება 21-ე საუკუნეში ყველას უნდა გააჩნდეს. მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ ჩვენ. წინასწარ ვერ გეტყვით, რა დევს ამ კომპიუტერში, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იქნეს აღმოჩენილი," — განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა გადაცემაში ასევე ისაუბრა გამომძიებელ ნიკოლოზ ბაჭულაშვილის მესიჯზე, რომელიც მან გარდაცვლილის მამას ცხედრის პოვნამდე ერთი დღით ადრე მისწერა და რომლითაც ატყობინებდა, რომ კომპიუტერი გახსნეს და მისი "შვილი სერიოზულ შარში" იყო.

ამასთანავე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აცხადებდა, რომ გარდაცვლილის ლეპტოპი გამომძიებლებმა რამდენიმე დღის დაგვიანებით ამოიღეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა კი დაურეკა და ოჯახს უთხრა, რომ კომპიუტერზე ბლოკი ვერ მოხსნეს, რის გამოც კომპიუტერში არსებულ მასალებზე წვდომა დღემდე არ აქვთ.

თავად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი ამას უარყოფს. მიხეილ რამიშვილის თქმით, შეუძლებელია თამარ ბაჩალიაშვილის მამას აღნიშნული შემთხვევა თავად მოეგონოს:

"რაში დასჭირდებოდა შვილდაკარგულ მამას ამის მოტყუება. საერთოდ, რა ფორმაა, როცა ადამიანს პროტესტის სურვილი აქვს და იყოს საუბარი, რატომ გამოდიხარ და აქციას რატომ მართავ. ეს რომ არ მომხდარიყო, მამა არ მივიდოდა და პირდაპირ პოლიციასთან არ იტყოდა ამას".

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ როცა თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეთრიწყაროს გამომძიებელს ურეკავდა და დაკარგული შვილის ამბავს ეკითხებოდა, პასუხი იყო ერთი — "მიმართეთ პრესცენტრს". ადვოკატისთვის გაუგებარია, რა და უნდა ეპასუხა პრესცენტრს, როცა დედა თავად გამომძიებელს უკავშირდებოდა.

"ველოდები ექსპერტიზის დასკვნებს. ველოდები შეფასებებს. ჩემი წყაროებიც გამაჩნია და მერე უკვე მექნება შესაბამისი ინფორმაციები, რაზეც მყარი და საფუძვლიანი პასუხი მექნება", — აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია ზეგში დღეს შსს შევიდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.

ამავე თემაზე: