ახლა, როცა პანდემიის გამო საზღვარგარეთ ძველებური მოგზაურობა შორეულ პერსპექტივაში გვესახება, საქართველოში ჩვენთვის აქამდე უცნობი კუნჭულების მოსანახულებლად და ისტორიული მხარეების თავისებურებების გასაცნობად საუკეთესო დროა.

თუ გეზი აღმოსავლეთ მთიანეთის — მთიულეთის, გუდამაყრის ან ხევისკენ გაქვთ აღებული, გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებამდე, უნდა გაიხსენოთ, რომ ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა ტურიზმის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, დაბა-ფასანაურში მდებარე რესტორან გუდას უნდა ეწვიოთ. აქ ქართული სამზარეულოს სულს ახალი ვიზუალითა და კომბინაციებით შემოგთავაზებენ. თანაც ეს ყველაფერი არ არის — აქ თქვენ კერძის პირადად მომზადების შესაძლებლობაც გექნებათ.

ფოტო: გუდა

გუდას იდეა ცოლ-ქმარს, ანი ქავთარაძეს და ბუკა მაჭავარიანს ეკუთვნით. ანი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია და დღემდე საკუთარი პროფესიით მუშაობს, ბუკა ტელევიზიაში მუშაობდა და ბოლო წლებში სრულად გადაერთო ბიზნესის წარმოებაში. მათ პროფესიული მიზნების გარდა, გასტრონომიული სურვილების შესრულებისთვისაც გამონახეს დრო და ბებია-პაპის მთის სახლში 1 წელია რესტორანი გახსნეს, რომელმაც წინა წელს არაერთ სტუმარს უმასპინძლა და პოპულარობა მალე მოიპოვა მომხმარებელთა შორის.

როგორც თავად ამბობენ, მიზეზი მომსახურების სტანდარტები, უშუალო გარემო და მაღალი ეროვნული თვითშეგნებაა. მათ რესტორანს WiFi და პაროლიც გამოარჩევს (Abkhaziaisgeorgia / Samachabloisgeorgia), რაც ქართველ სტუმრებში ხშირად —აღფრთოვანებას, უცხოელებში კი ინტერესს იწვევს და ოკუპაციაზე თხრობის საწყისი ხდება.

კომპანიას სახელი მთისთვის დამახასიათებელი საკვები პროდუქტების შესანახი გუდის მიხედვით ეწოდა, რაც ტერიტორიულ ასოციაციებსაც უკავშირდება. ლოგოს დიზაინი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის, მასზე გამოსახული თხილამურები ცენტრალური გზის სიმბოლოა, რომელიც სათხილამურო კურორტთან მიდის.

ფოტო: გუდა

ანი და ბუკა სასტუმროს გახსნასაც გეგმავენ, თუმცა პანდემიის გამო ეს მიზნები გადაიდო. ისინი ძველი შუშაბანდიანი სახლის რესტავრაციასაც აპირებენ, რომელსაც ეთნო-სახლის დატვირთვა ექნება. წყვილის თქმით, ამ სივრცეში ტურისტები ავთენტურ ინტერიერსა და ექსტერიერში გაეცნობიან ტრადიციებს, გასინჯავენ მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახის ღვინოს, შეძლებენ, თავისი ხელით მოამზადონ კერძები, მათ შორის, ამ კუთხისთვის გამორჩეული ხინკალი.

"გუდა იქნება ერთგვარი, გასტრო-ტურიზმის კერა", — ამბობენ ისინი.

თუ დროის სასიამოვნოდ გატარება გიყვართ, ექსპერიმენტების და ტრადიციების ხარისხიან ნაზავს ეძებთ და აღმოსავლეთ მთიანეთის ულამაზესი ბუნების მონახულებას გადაწყვეტთ, გუდას გვერდს ვერ აუვლით. პანდემიის დასრულებისთანავე, გუდას მასპინძლები გასტრო-ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას დაიწყებენ.

"იმედი გვაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ჩვენც აქტიურ როლს შევასრულებთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში, რეგიონში წარმატებული ბიზნესისა და ხარისხის შექმნაში, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვის საქართველოს ყველაზე გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო კუთხით წარდგენაში," — გვიყვებიან გუდას დამფუძნებლები.

იქამდე კი რესტორნის ოჯახური გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი მზად არის, წელიწადის ნებისმიერ დროს გიმასპინძლოთ. რესტორნის მენიუ და კერძები მათ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ან Tripadvisor-ზე სხვა მომხმარებლების შეფასებებს გაეცნოთ და თავდაჯერებით დაიწყოთ კულინარიული თავგადასავალი გუდასთან ერთად.