თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირდა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული წვევამდელები გაწვევას ვეღარ გადაავადებენ, თუ ერთხელ უკვე აქვთ გადავადებული. ამავე ცვლილებებით, თუ პირი ჩააბარებს მაშინ, როცა ის მსახურობს, არ ექნება გადავადების უფლება და პროფესიულში სწავლა სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უნდა გააგრძელოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის წინა სხდომაზე, როდესაც კანონპროექტის პრინციპების განხილვა მოხდა, გარკვეული კითხვები დაისვა და პოზიციების შეჯერებამდე, კომიტეტმა კანონპროექტის კენჭისყრა გადადო. მისივე განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორის და კომიტეტის ერთობლივი მუშაობით, პოზიციების შეჯერება და "სასურველი შედეგის" მიღწევა მოხერხდა, რომლის თანახმადაც:

"სამხედრო სამსახურის გადავადება არ გავრცელდება იმ წვევამდელზე, რომელიც ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ მან ერთხელ უკვე ისარგებლა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით. მეორე, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთჯერადი გადავადებით ისარგებლებს ის პირი, რომელიც იქნება პროფესიული სასწავლებლის აპლიკანტი, და მესამე, თუ პირი უკვე იხდის სამხედრო სამსახურს და ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებელში, ის ვეღარ ისარგებლებს გადავადების უფლებით და მას სწავლის გაგრძელება მხოლოდ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ შეეძლება".

კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურებიც განმარტა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირვანდელი რედაქციით გამოვა. განხილვის პროცესში კომიტეტი ინიციატორს უკვე შეჯერებულ ვარიანტს შესთავაზებს და კანონპროექტის ინიციატორის მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში, კენჭი ეყრება კანონპროექტის იმ რედაქციას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

კანონპროექტის ინიციატორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე კანონპროექტის შეჯერებულ ვარიანტს დაეთანხმა. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.