შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ცნობით, თბილისში არსებული ყველა ბაზრობა შემოწმდა და გამოვლენილი დარღვევების გამო ლილოს ბაზრობაზე თორმეტი ბიზნეს სუბიექტი, დეზერტირებზე — ერთი, ნავთლუღში — ორი, დიდუბეში — სამი და ვარკეთილში მდებარე ერთი ბაზრობა დაჯარიმდა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაზარი შემოწმდება.

ფერაძის განცხადებით, თბილისში, ბაზრობებს მიაწოდეს ყველა ინფორმაცია სავალდებულო ზომებთან დაკავშირებით, თუმცა, მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან ფიქსირდებოდა დარღვევები და სანქცირების მექანიზმი გამოიყენება გახდა საჭირო.

"დღეს უკვე დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების განხორციელება. ჩვენ ერთობლივი ჯგუფებით ისევ დავიწყებთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, ვაწვდით ინფორმაციას მაქსიმალურად, რა წესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს წესები არის საბაზისო და ფუნდამენტური და შესასრულებლად სავალდებულო. მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა ბაზარში იქნება განხორციელებული აღნიშნული სამუშაოები", — განაცხადა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

ფერაძის ცნობით, მონიტორინგი ხორციელდება ერთობლივი ჯგუფებით და შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური და მერიის ზედამხედველობის სამსახური.