ჩინეთმა მარსზე თავისი ხომალდი Tianwen-1 გაგზავნა. გაფრენა კვირის დასაწყისში მოხდა და კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ როვერი წითელ პლანეტაზე შემდეგი წლის დასაწყისში დაეშვება.

მარსზე კოსმოსური მისიით ხომალდი არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმაც გაგზავნა. მალე, 30 ივლისს მეზობელ პლანეტაზე NASA-ს მარსის როვერიც გაემგზავრება.

როგორც ჩანს, კოსმოსის შესწავლის პროცესი სულ უფრო ინტენსიური ხდება. კოსმოსური სააგენტოები მიზნად მზის სისტემის პლანეტების გამოკვლევას ისახავენ. ქვეყნები დღეისთვის განსაკუთრებული ინტერესით მარსისადმი არიან განწყობილნი.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ჭკვიანური და სწრაფი გადაადგილების შესახებ ბევრს ვსწავლობთ, კოსმოსური მოგზაურობის ხანგრძლივი ეფექტები ბიოლოგიურ სიცოცხლეზე ამ დრომდე ბოლომდე შესწავლილი არაა.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური მოგზაურობის პერსპექტივები უშრეტია, მას საფრთხეებიც ახლავს. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კი ბაქტერიებისგან მომდინარეობს.

კოსმოსი ბაქტერიებით დასახლებული ადგილი არ არის. თუმცა, ისინი ადამიანებს მუდამ თან დაჰყვებიან, მათ შორის — კოსმოსშიც. უწონადობას გავლენა კი სხვა ბიოლოგიური ორგანიზმების მსგავსად, ბაქტერიებზეც აქვს.

საქმე ისაა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გრავიტაციის პირობებში ჩამოყალიბდა და ის ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უწონადობის პირობებში ორგანიზმები სხვანაირად იქცევიან.

კოსმოსში სედიმენტაცია (დალექვა) პრაქტიკულად არ არსებობს. ანუ, სითხეში არსებული მყარი ნაწილაკები ფსკერისკენ არ მიიზიდებიან. გართულებულია სითბოს გადაცემაც, თუმცა სითხის ზედაპირული დაჭიმულობა პირიქით, გაზრდილია.

როგორც ჩანს, ზემოხსენებული ცვლილებები ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი უფრო რეზისტენტულს და უფრო მომაკვდინებელს ხდის. ამასთანავე, კოსმოსში ბაქტერიები მუტაციას უფრო სწრაფად განიცდიან, რაც მათ გარემოსთან უკეთ ადაპტაციას განაპირობებს.

უწონადობა ეგრეთ წოდებული "ბიოფილმების" ფორმირებასაც ხელს უწყობს. ბიოფილმი ბაქტერიების მჭიდროდ დასახალებულ კოლონიას ეწოდება, სადაც ინდივიდუალური მიკროორგანიზმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირს წარმომქნიან, ეს მათ რეზისტენტულობას ზრდის.

მირის კოსმოსურ სადგურზე ბიოფილმებს პრობლემები არაერთხელ გამოუწვევიათ. რამდენჯერმე წყლის გადამუშავების და ნავიგაციის ფანჯრებზე აღმოჩენილმა ბიოფილმებმა ხომალდზე ტექნიკური ხარვეზები წარმოშვეს. დანადგარების ბიოფილმებით ხანგრძლივმა დაბინძურებამ, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები გამოიწვიოს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სედიმენტაციის შემცირება ბაქტერიის შინაგან მექანიზმებზეც მოქმედებს, რის გამოც, შესაძლოა, მათთან პრეპარატებით ბრძოლა გართულდეს.

ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების დაგეგმისთვის ეს მიგნებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. ხომალდზე ბაქტერიების უკონტროლო გამრავლებამ ან ინფექციის გავრცელებამ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

პრობლემების მიუხედავად, კოსმოსი კვლევისთვის სასარგებლო ადგილიცაა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო დიდი და სიმეტრიული მოლეკულური კრისტალები წარმოიქმნება, რაც უკეთესი წამლების შემუშავების საშუალებას გვაძლევს.

მომავალი კვლევები კოსმოსური კვლევის სარგებელზე და პრობლემებზე მეტ ინფორმაციას მოგვცემს.