როგორც წესი, ყველა ზაფხულს ერთნაირი აღტაცებით ველით ხოლმე: ტემპერატურის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად გვინდება, რომ ნაკლები დრო გავატაროთ შინ, მეგობრებთან ერთად ახალი თავგადასავლები გადაგვხდეს, თავისუფალი დრო უცხო ადგილების შესწავლას დავუთმოთ ან უბრალოდ ნანატრი დასვენებით დავტკბეთ.

გასული თვეების შემდეგ, ალბათ, ეს ყველაფერი წელს თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტად სჭირდებოდა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო ჯადოსნური გამოცდილების მისაღებად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა შეუძლებელი გახდა, საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა კი — მრავალი რეგულაციისა და მუდმივად საფრთხეზე ფიქრის გამო ნაკლებად მომხიბვლელი.

ამ ფაქტმა კი გამოცდილი მკითხველები კიდევ ერთხელ დაარწმუნა ერთი მარტივი ჭეშმარიტების უპირატესობაში: ლიტერატურის საზღვრები შეუზღუდავია. ეს ასე იყო პანდემიამდეც, თუმცა ახლა, როცა იზოლაციის წნეხს თითოეული ადამიანი უფრო მეტად გრძნობს, უფრო ვაფასებთ ლიტერატურის მაგიურ ძალას: ჩვენს ხელში აღმოჩენილი წიგნი პორტალია, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და სრულიად უსაფრთხოდ ნებისმიერ დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს.

ლიტერატურის ამ ძალის სჯერა სულაკაურის გამომცემლობასაც, რომელიც ახალი კამპანიით უსაზღვრო კითხვის სეზონს გახსნილად აცხადებს და ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების მკითხველს ვიზაზე, ბილეთზე ან ტრანსპორტზე დარდის გარეშე მსოფლიოს (და არა მხოლოდ) ნებისმიერ წერტილში უამრავი სიურპრიზით სავსე მოგზაურობას სთავაზობს.

მოგზაურობა სათანადოდ რომ დაგეგმო და არჩევანის გაკეთებაც გაგიმარტივდეს, ამისათვის შემდეგ ნაბიჯებს უნდა მიჰყვე და თავბრუდამსხმელი ამბების გმირი გახდე.

ჩასხდომა იწყება. ადგილები შეუზღუდავია. მოემზადე!

შეარჩიე სასურველი დანიშნულების ადგილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წელს ამერიკაში ხომ არ გეგმავდი მოგზაურობას? ან რომელიმე ევროპულ ქალაქში საყვარელი ბენდის კონცერტზე გინდოდა დასწრება? იქნებ სულაც არ გეგმავდი, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდი, რომ აზიური კულტურები გაგეცნო, თუმცა ამას თავი აქამდე ვერაფრით მოაბი? არაუშავს, გულს ნუ დაიწყვეტ: უსაზღვრო კითხვის სეზონზე სახლიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლია, რომ სწორედ იქ იმოგზაუროთ, სადაც ყველაზე მეტად გსურს.

ამისთვის კი უბრალოდ საჭიროა, რუკაზე სასურველი წეტილი მონიშნო და ეგაა: თუ აღმოსავლური კულტურა გიზიდავს, მაშინ ამბავი უფლისწული გენჯისა იაპონიის ოქროს ხანას გაგაცნობს; თუ მეტ თავაშვებულ თავგადასავალსა და ვნებას ეძებ, მაშინ მიშელ უელბეკი გაგიწევს გიდობას; იქნებ ექსტრემალურ პირობებში აღმოჩენა და გადარჩენისთვის ბრძოლა გირჩევნია? არც ეგ არის პრობლემა, ბუზთა ბატონი გიმასპინძლებს უკაცრიელ კუნძულზე.

სრული რუკის ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

გაიგე, სად უნდა ატარებდე წლევანდელ ზაფხულს

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ არ იცი, საით მიგიწევს გული ან ერთდროულად ბევრი ქვეყანა გაინტერესებს და მათგან ერთის ამორჩევა გიჭირს, მაშინ ეს ქვიზი არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებს: რამდენიმე მარტივ და სახალისო კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ დანამდვილებით გეცოდინება, თუ რომელი მარშრუტი შეეფერება შენს გემოვნებას.

რაც ყველაზე მთავარია, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე გექნება ზუსტი წარმოდგენა, თუ რა მოლოდინები უნდა გქონდეს იქაურობაზე და იმედგაცრუებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნები.

არჩევანის გაკეთება გიჭირს? მიიღე რჩევა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ყველას როდი შეუძლია, მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან არჩევანს ეხება, როგორიც მოგზაურობის დაგეგმვაა: ვიღაცას ტრადიციული სამზარეულო იზიდავს, სხვა უპირატესობას კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ანიჭებს, ზოგს კი თვალწარმტაცი ბუნება ხიბლავს.

თუ მოგზაურების იმ კატეგორიას განეკუთვნები, ვინც მარტივად არ ცდუნდება და უფრო დეტალურად ურჩევნია იცოდეს ყველაფერი წინასწარ, მაშინ დროა, ეს ფორმა შეავსო და გამომცემლები სწორედ შენი გემოვნების შესაფერის ლიტერატურულ მოგზაურობას დაგიგეგმავენ.

თუ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მზად ხარ

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული სტილიდან გამომდინარე უფრო მეტად გვიზიდავს მოკლე ისტორიები — ისინი, რომელთაც უცებ გავეცნობით და გულსაც მალევე გადავაყოლებთ. სწორედ ამის გამო ხშირად იმ წიგნებთან ურთიერთობის დაწყებას სახვალიოდ ვდებთ, რომლებიც თავიანთი მოცულობით ჩვენგან უფრო მეტ დროს მოითხოვს.

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ზაფხული თავისი ცხელი ღამეებით და კიდევ უფრო ცხელი დღეებით სწორედ ის პერიოდია, როცა ასეთ წიგნებს არ უნდა შევუშინდეთ, პირიქით — მათთან ერთად ხანგრძლივი ოდისეა უნდა წამოვიწყოთ, რათა დაუვიწყარი მოგონებებით სავსე ზაფხული შევიქმნათ.

ამაში კი მსგავსი მოგზაურობიდან დაბრუნებული მკითხველების რეკომენდაციები დაგეხმარება.

ზაფხული, როგორც დაუვიწყარი სიყვარულის ისტორია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ გარემო შენთვის მეორეხარისხოვანია და უფრო მეტ ყურადღებას ურთიერთობებს ანიჭებ, ხოლო ზაფხულს შენთვის პირველ რიგში რომანტიკული ელფერი აქვს, მაშინ სანერვიულო ამ შემთხვევაშიც არაფერი გაქვს: თუნდაც სახლში დარჩენილს, შესაძლებლობა გეძლევა, რომ ყველაზე ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიების მონაწილე გახდე.

სერია რომანები სიყვარულზე ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით, ვნებით, მწუხარებითა თუ სიხარულით სავსე წიგნებს აერთიანებს, რომლებიც შენი ზაფხულის მოგონებებს ნამდვილი სიყვარულის ისტორიასავით ხელშესახებ გამოცდილებას შემატებს.

საჩუქრებით სავსე უსაზღვრო კითხვის სეზონი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაფხულის მოგზაურობას გამორჩეულ ელფერს მოულოდნელი სიურპრიზები მატებს და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია: თუ სულაკაურის გამომცემლობის რომელიმე წიგნის ხელში ჩაგდება დიდი ხანია გინდა და აქამდე ვერ მოახერხე, მაშინ დროა, ამის შესახებ საჯარო ფეისბუქ პოსტი დაწერო და საუკეთესო ტექსტის ავტორები სასურველი წიგნებით დასაჩუქრდებიან.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია ნახო აქ.

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია!

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ვისაც ურჩევნია, თანამედროვე სერვისების მოხერხებულობითა და კომფორტით დატკბეს, მათ შესაძლებლობა აქვთ, სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტზე წიგნები ონლაინ შეიძინონ და კურიერი მალევე სახლში მიუტანს მათ. თანაც საიტზე 200-მდე დასახელების წიგნზე თვალისმომჭრელი ფასდაკლება ელოდება ყველას, 25 ლარზე მეტის შენაძენზე კი ნებისმიერი მკითხველი უფასო მიწოდების სერვისით ისარგებლებს.

ხოლო თუ ტრადიციულ მეთოდებს ამჯობინებ და გირჩევნია, წიგნის მაღაზიას თავად ესტუმრო, რათა ახალი საკითხავი წიგნის სურნელით გაჟღენთილ გარემოში შეარჩიო, მაშინ იცოდე, რომ სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიები ერთგვარ აეროპორტებად გადაიქცა, სადაც მისულმა თუ იცი, საით გაგიწევია, მაშინ ლიტერატურული მოგზაურობის ვიზას სულ მარტივად ჩაგირტყამენ.

ამავდროულად კი მაღაზიებში ნაირგვარი საჩუქრები გელოდება: სტიკერები, სანიშნეები და რაც მთავარია, უსაზღვრო კითხვის სეზონისათვის სპეციალურად შექმნილი რუკა, რომელზეც როგორც ნამდვილ მოგზაურს შეეფერება, ყველა განვლილი ლიტერატურული ვოიაჟის მონიშვნა შეგეძლება.