ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 15 ტონა, 1,5 მილიონი პირადი დაცვის საშუალებები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე გადანაწილდება.

1,5 მილიონი პირადი დაცვის საშუალება მოიცავს 5 ათას სახის საფარს, 13,2 ათას დამცავ სათვალეს, 30 ათას საიზოლაციო ხალათს, მილიონ სამედიცინო ნიღაბს და 328 ათას რესპირატორს.

"საქართველოს გადმოეცა პირადი დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობა, კერძოდ კი 15 ტონა ტვირთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამ ყველაფრის განხორცილებაში უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობა და როლი. გაწეული სამუშაოსთვის ქართველი ხალხი ძალიან დიდ მადლობას უხდის მათ", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (1,5 მილიარდი ლარი) მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს.