მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის განცხადებით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გასაიდუმლოებული პროგრამა დღეს გაუქმებულია, ამ მიმართულებით კვლევებს აშშ-ის სამხედრო საზღვაო დაზვერვა კვლავ აგრძელებს. მის ფარგლებში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან სამხედრო პილოტების იდუმალი შეხვედრების შესწავლა დღემდე არ შეჩერებულა.

გასულ თვეში სენატის ერთ-ერთი კომიტეტის ანგარიშში ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტი განიხილეს. მასში ნათქვამია, რომ ამოუცნობი საჰაერო მოვლენების შემსწავლელ ჯგუფს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ "მონაცემების შეგროვების და ანგარიშის შედგენის სტანდარტიზება" დაევალა. ამასთანავე, სპეციალური ჯგუფი საზოგადოებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სადაზვერვო საქმიანობის ნებართვის მიღებიდან 180 დღეში მიაწვდის.

ყოფილი სენატორები, მათ შორის სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, ჰარი რიდი იმედოვნებენ, რომ პროგრამა არამიწიერი ცივილიზაციებიდან ჩვენთან მოხვედრილი ტექნიკის მტკიცებულებებს იპოვის და გაარკვევს, სარგებლობს თუ არა არამიწიერი ტექნოლოგიით რომელიმე ისეთი სხვა ქვეყანა, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს.

ჰარი რიდი — სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, UFO-ს პროგრამის დაფინანსების ინიციატორი

ჰარი რიდი — სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, UFO-ს პროგრამის დაფინანსების ინიციატორი

მარკო რუბიო, რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდას შტატიდან, რომელიც ამჟამად სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, CBS-ის მაიამის ბიუროსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის შეშფოთებულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამერიკულ სამხედრო ბაზებთან ხშირი გამოჩენით: "მთავრობის ინტერესებშია გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან".

რუბიო ეჭვობს, რომ ჩინეთმა, რუსეთმა ან რომელიღაც სხვა კონკურენტმა სახელმწიფომ მიაღწია "ტექნოლოგიურ ნახტომს", რითაც მას "ასეთი სახის საქმიანობის წარმოება შეუძლია".

მისივე თქმით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ბაზების სიახლოვეს შეამჩნიეს, შესაძლოა, იყენებდნენ ტექნოლოგიას, რომელიც ამერიკის არსენალში არ მოიპოვება: "შესაძლოა, ამ კითხვებზე რეალური პასუხი გაცილებით ყოფითი და მოსაწყენი იყოს, თუმცა ამის დაზუსტება აუცილებელია".

პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი და სამხედრო დაზვერვის მონაწილე, ლუის ელიზონდო, რომელმაც 2017 წელს დატოვა თანამდებობა, პროგრამაში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ადასტურებს, რომ ახალი ოპერატიული ჯგუფის დანიშნულების ცვლილების შემდეგ ის აეროკოსმოსურ პროგრამაში ჩაერთო.

ლუის ელიზონდო — პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი

ლუის ელიზონდო — პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი

ფოტო: Roger Kisby for The New York Times

"ეს ამბავი აღარ უნდა დაიმალოს", — აცხადებს ელიზონდო, — "გამჭვირვალობის დროა".

ელიზონდო იმ ყოფილი სენატორების და უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების მქონე მეცნიერების მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც ყოველგვარი ფიზიკური მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და მის ნარჩენებს უკვე იკვლევენ.

ათწლეულების განმავლობაში პენტაგონის სპეციალური პროგრამა კონგრესის კომიტეტებისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისთვის და აეროკოსმოსური კომპანიებისთვის გასაიდუმლოებულ ბრიფინგებს მართავს.

ყოფილა შემთხვევები, როცა ამოუცნობ ინციდენტებს გარკვეული დროის შემდეგ მიწიერი წარმოშობით ხსნიდნენ. ასტროფიზიკოსების თქმით, მყარი მიწიერი ახსნის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მსგავსი მოვლენების არამიწიერი წარმოშობა უფრო დამაჯერებელი არ ხდება.

ერიკ დევისი, რომელიც 2007 წლიდან პენტაგონის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პროგრამაში მუშაობდა, ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მოპოვებული მასალის წყაროს დადგენა ვერ შეძლეს და დასკვნაში იწერებოდა, რომ მსგავსი ტიპის მასალის შექმნა ვერ მოხერხდა.

გასაიდუმლოებული პროგრამების საჯაროდ განხილვის შეზღუდვის და ბრიფინგებიდან ხელმისაწვდომი არაკლასიფიცერბული სლაიდებით გავრცელებული ინფორმაციის ბუნდოვანების გამო, ოფიციალური პირები, რომლებიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხს სწავლობენ, იძულებულები არიან, საკუთარი შეხედულებები საჯაროდ ყოველგვარი მყარი მტკიცებულებების გარეშე გაახმოვანონ.

დევისი, რომელიც ამჟამად აეროკოსმოსურ კორპორაციაში თავდაცვის საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ მარტის თვეში თავდაცვის სამინისტროს სააგენტოსთვის ჩატარებულ დახურულ ბრიფინგზე მან "არამიწიერი სატრანსპორტო საშუალებების აღმოჩენის შესახებ" ისაუბრა.

რაც უნდა იყოს სიმართლე, რეიდის აზრით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ირგვლივ არსებული ინფორმაცია გასაჯაროებას საჭიროებს, რათა გავერკვეთ, რა ვიცით და რა არა: "უაღრესად მნიშვნელოვანია, გასაჯაროვდეს ინფორმაცია აღმოჩენილი ფიზიკური მასალებისა თუ აპარატების შესახებ", — აცხადებს ის.