საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დილით უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა, საღამოს კი პანდემიის შემდეგ, პირველი შიდა რეგულარული რეისი თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდა.

უწყების ცნობითვე, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია.