ადამიანებს ხმაურის შექმნა გვიყვარს. ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, გათხრები, მანქანებით გადაადგილება და მშენებლობები დედამიწას პირდაპირი გაგებით აზანზარებს, რაც მაღალი სიხშირის სეისმურ ხმაურს წარმომქნის.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად გატარებული პრევენციული ზომების მიღებამ კი დედამიწის ანთროპოგენული სეისმური აქტივობა რადიკალურად შეამცირა.

"ეს პერიოდი, სავარაუდოდ, სეისმური ხმაურის ყველაზე დიდი შემცირებაა, მას შემდეგ, რაც სეისმომეტრების სისტემით დედამიწის მონიტორინგი დავიწყეთ", — ამბობს სეისმოლოგი სტეფენ ჰიკსი.

დედამიწის "ზანზარს" მეცნიერები მუდმივად აკონტროლებენ. სეისმური აქტივობის მონიტორინგის სადგურები პლანეტის გარშემო მიწისძვრების და ვულკანური ამოფრქვევების წინასწარმეტყველებაში გვეხმარება.

ეს სიგნალები ხშირად ადამიანური აქტივობებით "ბინძურდება" და ეს ხმაური, როგორც წესი, მუდმივია. თუმცა უქმე დღეებზე და ღამით ადამიანური აქტივობის შემცირება დედამიწაზე ნათლად აისახება ხოლმე.

ამჟამად ადამიანური "ხმაური" 50%-ით შემცირდა. მკვლევრებმა მონაცემები 268 სეისმოლოგიური სადგურიდან შეაგროვეს. შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. სეისმური აქტივობა პირდაპირ კორელაციაშია კონკრეტულ რეგიონებში შემოღებული პრევნენციული ზომების სიმკაცრესთან.

თავიდან მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სეისმური აქტივობის შემცირება შესამჩნევი მხოლოდ მაღალი სიმჭიდროვის მქონე ქალაქებში და რეგიონებში იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ აშკარა კლება დაბალი სიმჭიდროვის ადგილებშიც შეინიშნება.

პანდემიამ სეისმოლოგებს ადამიანური "ხმაურის" უკეთ შესწავლის შესაძლებლობა მისცა. პანდემიისდროინდელი სეისმური აქტივობის პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებთან შედარება მკვლევრებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.