ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კადიროვი ამბობს, რომ აქამდე მან პომპეო რესპუბლიკაში მიიწვია, თუმცა ახლა ამის უფლება არ აქვს. ჩეჩნეთის ლიდერი, რომელიც აშშ-მ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ამტკიცებს, რომ აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პომპეოს დაკვეთით მოკლეს, რათა პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არჩევნებში წაეგო. თავისი ნათქვამის გასამყარებლად კადიროვს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

"მორჩა, ვაუქმებ ჩემს მოწვევას და ვაცხადებ, რომ პომპეოს წინააღმდეგ გატარდეს ყველა სანქცია, რომელიც ქვეყანაში გვაქვს", — განაცხადა კადიროვმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. სახელმწიფო დეპრატამენტის განცხადების თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. სანქცია ეხება კადიროვის ცოლს და შვილებსაც.

"სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან ადამიანის უფლებები უხეში დარღვევისთვის, მათ შორის წამების, უკანონო მკვლელობის და იძულებითი გაუჩინარების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ მოხდეს ამ დარღვევებზე პასუხისგება", — წერს პომპეო.

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა კადიროვიც. მან ტელეგრამში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც შეიარაღებული დგას და დაწერა: "პომპეო, ვიღებთ ბრძოლას. სულ უფრო საინტერესო გახდება".