ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდი, ნინო ჯარიაშვილი თბილისში ცოცხალი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

15 წლის ნინო ჯარიაშვილს ოჯახი ხუთი დღე ეძებდა. მოზარდის გაუჩინარების შესახებ დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა პოლიციას.

დაკარგულის მამა მთავარ არხთან საუბარში ამბობდა, რომ ნინო ჯარიაშვილმა სახლიდან წასვლამდე დედას წერილი დაუტოვა:

"რაღაც წერილი დაუტოვებია, რომ თქვენთან ცხოვრება არ მინდა, თუ რაღაც ასეთი მსგავსი, მეტი არაფერი არ ვიცი. ბათუმში შეამჩნიესო, ბათუმში არის დაფიქსირებული და ტერიტორიულად არის ბათუმშიო, ეს გავიგე, მეტი არაფერი. სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ცოცხალია, მკვდარია არ ვიცი. ვინც კი ვიცოდი, მაგის მხრიდან მეგობრები, დაქალები ყველა ვნახე აბსოლუტურად, ვერსად ვერ ვპოულობ. ამიტომ მივმართე პოლიციას, იქნება რამენაირად დამეხმარონ, ბავშვი მაპოვნინონ, მაგრამ იქიდანაც არანაირი შედეგი არ არის, ჯერჯერობით".