ყველასთვის მოულოდნელად, ამერიკელმა მუსიკოსმა ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მერვე სტუდიური ალბომი დააანონსა, რომლის მოსმენასაც დეკადის ხელოვნად აღიარებული პოპვარსკვლავის ფანები სულ მალე შეძლებენ.

"უამრავი რამ, რაც ამ ზაფხულს მქონდა დაგეგმილი, ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ, მოხდა უამრავი ისეთი რამ, რაც ჩემს გეგმაში არ შედიოდა. ესაა ჩემი ახალი, მე-8 სტუდიური ალბომი, folklore. სიურპრიზი!"

ახალ ალბომში 16 სიმღერა შევა და ის ამ ღამით, 24 ივლისს, ლეიბლ Republic Records ქვეშ გამოვა.

"ამ სიმღერებში ჩემი წარმოსახვა, ოცნებები, შიშები და მუზები ჩავაქსოვე. ისინი იზოლაციაში დავწერე და შემდეგ ჩავწერე, თუმცა კოლაბორაციაც შედგა ჩემს მუსიკალურ გმირებთან", — წერს სვიფტი.

ალბომთან ერთად გადავა ტეილორის მიერ გადაღებული კლიპიც, ტრეკისთვის cardigan. როგორც მუსიკოსი წერს, გადასაღებ მოედანზე ყველა ატარებდა პირბადეს და დაცული იყო უსაფრთხოების წესები.

როგორც ვიგებთ, ტეილორის ახალ ალბომში ბონ ივერთან ერთად დაწერილი სიმღერაც შევა, რომელსაც ამერიკული ინდი-ფოლკ ჯგუფი პოპვარსკვლავთან ერთად იმღერებს. folklore-ზე იმუშავა სვიფტის დიდი ხნის მეგობარმა, ჯეკ ანტონოფმა, რომელსაც მომღერალი "მუსიკალურ ოჯახს" უწოდებს.

დელუქს ალბომში შევა ბონუს სიმღერა, the lakes.

folklore პირველი შემთხვევა არაა, როცა ტეილორი ახალ ალბომს განსაკუთრებული პრომოუშენის გარეშე აანონსებს — 2017 წელს მუსიკოსმა კრიტიკოსების მიერ მოწონებული ალბომი reputation ასევე ყველასთვის მოულოდნელად დააანონსა. თუმცა, უმეტესად, ახალი ალბომის გამოშვების წინ სვიფტი მინიშნებების გავრცელების ტაქტიკას იყენებს, რომლის შეგროვებასაც დაკვირვებული ფანები თითქმის ერთი წლით ადრე იწყებენ. სწორედ ასე მოხდა 2019 წლის ალბომის, Lover-ის გამოშვების წინ, როცა მომღერალმა თავისი ინსტაგრამის ფიდი პასტელის ფერებით გადაახალისა, სიმღერების სახელები კი ვიდეოკლიპებში მიმოაბნია, თუმცა დღევანდელი სამყარო შარშანდელი ზაფხულისგან ძალიან განსხვავდება:

"ამ წლამდე აუცილებლად ვიფიქრებდი იმაზე, თუ როდის იქნებოდა ახალი ალბომის გამოსაშვებად საუკეთესო დრო, თუმცა ის ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, მახსენებს, რომ გარანტია არაფერზე გვაქვს. გული მკარნახობს, რომ თუ რამე ძვირფასს შექმნი, ის სამყაროს მაშინვე უნდა აჩუქო. ძალიან მიყვარხართ", — წერს 11 გრემის მფლობელი.