მსოფლიო მასშტაბით 21 ათასზე მეტ ახალგაზრდაზე ჩატარებული კვლევების შედეგების საერთო ანალიზი მოწმობს, რომ ვიდეოთამაშები ძალადობის ან აგრესიისკენ მიდრეკილების გამომწვევი არაა.

მკვლევრებმა, რომელთა ხელმძღვანელიც მესის უნივერსიტეტის თანამშრომელი, აარონ დრამონდია, მეტაანალიზის მეთოდის გამოყენებით თავიდან შეისწავლეს სხვადასხვა წელში ჩატარებული 28 კვლევის შედეგები, რომელთა უმეტესობაც აგრესიულ ქცევასა და ვიდეოთამაშებს შორის არსებული კავშირის დადგენას ცდილობდა.

კვლევების მიხედვით მომზადებულ ახალ ანგარიშში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ერთიანად აღებული შედეგები ვიდეოთამაშების თამაშსა და აგრესიულ ქცევას შორის, მართალია, სტატისტიკურად მნიშვნელოვან დადებით კორელაციაზე მიუთითებს, თუმცა ეს კორელაცია იმდენად პატარაა, რომ "მცირე ეფექტის" გამომწვევადაც ვერ ჩაითვლება.

"ამდენად, ამჟამინდელი კვლევის მიხედვით შეუძლებელია, მხარი დავუჭიროთ გავრცელებულ ჰიპოთეზას, თითქოს ძალადობის ამსახველ ვიდეოთამაშებს მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გავლენა აქვს ახალგაზრდების აგრესიულ ქცევაზე", — ნათქვამია კვლევაში.

2008 წლიდან ჩატარებული ამ კვლევებიდან რამდენიმეს შედეგები სხვადასხვაგვარ გავლენაზე მიუთითებს. მათი მეოთხედი ვიდეოთამაშებსა და ძალადობრივ ქცევას შორის მცირე დადებით კორელაციას აჩვენებს, ხოლო დანარჩენებში საბოლოო დასკვნა არაა მიღებული. ამასთან, 2011 წლის კვლევით უარყოფითი კორელაციაც კია აღმოჩენილი.

ფოტო: Gorodenkoff / Shutterstock

ერთ-ერთი გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ვიდეოთამაშების უარყოფითი გავლენა ისაა, რომ მცირე ზიანი დროთა განმავლობაში აკუმულირდება: თუკი მოთამაშე ყოველ შემდეგ თამაშს უფრო აგრესიულ განწყობაზე ამთავრებს, მაშინ დიდი ხნის შემდეგ ეს, შეიძლება, ხასიათის უფრო მნიშვნელოვან ცვლილებაში გადაიზარდოს. თუმცა მეტაანალიზის მიხედვით, ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მეტიც — შედეგები საპირისპიროზეც კი მიუთითებს.

კვლევები თანმიმდევრულად აჩვენებს, რომ "ძალადობის ამსახველი ვიდეოთამაშების ზეგავლენა ახალგაზრდების აგრესიულ ქცევაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნულს უტოლდება", — ნათქვამია ანგარიშში.

"ჩვენ მოვიწვიეთ როგორც ინდივიდუალურად მომუშავე მკვლევრები, ასევე ისეთი პროფესიული გილდიის წარმომადგენლები, როგორიც, მაგალითად, ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციაა, რათა მეტად კონკრეტული შედეგები გვქონოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დადგენილ უკიდურესად მცირე კავშირზე ვიდეოთამაშებსა და ახალგაზრდებში აგრესიულ ქცევას შორის", — აცხადებენ ავტორები.

ამ ორ მოცემულობას შორის დადგენილი მცირე კავშირის მიუხედავად, სხვა კვლევები ვიდეოთამაშების ზოგად ემოციურ ქცევაზე ზეგავლენის არსებობაზე მიუთითებს. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ადამიანები, ვინც ხშირად თამაშობენ ძალადობრივ ვიდეოთამაშებს, სხვა კონტექსტში მოქცეულ ძალადობის ამსახველ სცენებს უფრო გულგრილად უყურებენ. ამ ფენომენს კვლევის ავტორმა "ემოციით გამოწვეული სიბრმავე" უწოდა.