Tbilisi Pride-ის ოფისს კვერცხები და გუდრონი დაუშინეს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი ამბობს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ოფისს ორჯერ დაესხნენ თავს.

მისივე თქმით, გუშინ, 21 ივლისს დილით მათ შესასვლელთან კვერცხები დახვდათ, დღეს კი შენობას გუდრონი შეასხეს.

"პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა", — წერს თაბაგარი ფეისბუქზე.

როგორც მან On.ge-ს უთხრეს, ბოლო შემთხვევა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა და ახლა უკვე განყოფილებაში მიდის.

Tbilisi Pride-ის ოფისს გუდრონი ივნისის დასაწყისშიც შეასხეს. როგორც მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენლები წერდნენ, მათ ოფისს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ თავს.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამატებით ინფორმაციას ელოდება.