საზოგადოებაში მიღებულია აზრი, რომ სქესი და გენდერი ძალიან ნათელი ცნებებია. ადამიანი იბადება ან ქალად, ან კაცად. ამ ლოგიკის მიხედვით, ყველა სხვა მოცემულობა ან ფსიქიკური გადახრაა ან ყურადღების მიქცევის სურვილით ნაკარნახევი აქტი. მსგავსი დამოკიდებულება ნაწილობრივ ფსევდომეცნიერული ცრურწმენითაა განპირობებული.

ამასთან, მათგან ბევრი, ვინც მიიჩნევს, რომ პროგრესული შეხედულებები აქვს და ჰომოსექსუალებისადმი ემპათიას იჩენს, გენდერის და სქესის დიქოტომიის კატეგორიული მხარდამჭერები არიან და ზოგ შემთხვევაში სხვა უმცირესობებისადმი, რომლებიც ზემოხსენებულ დიქოტომიას ვერ ერგებიან, მტრულად განწყობილნი არიან. ესეც, ნაწილობრივ, ფსევდომეცნიერული ცრურწმენებით არის განპირობებული.

აქვე განვმარტავ, რომ მეცნიერულ ცრურწმენაში ვგულისხმობ ბიოლოგიური "ფაქტების" არასწორ ინტერპეტაციას, რომელიც ახალი გარემოებების მიღებაში ბევრს ხელს უშლის. ამ სტატიაში სწორედ ისეთ "ფაქტებზე" მინდა ვისაუბრო, რომლებიც საჯარო დისკუსიებში ერთობ დამახინჯებული ფორმებით იჩენს ხოლმე თავს.

რამდენიმე სიტყვა ტერმინოლოგიაზე

ფოტო: GETTY

პირველ რიგში, ორი ცნება, გენდერი და სქესი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან: სქესში იგულისხმება ბიოლოგიურ და ანატომიური მახასიათებლები, ხოლო გენდერში — "სოციალური როლი" ან გენდერული თვითიდენტიფიკაცია.

ზემოხსენებული განსხვავება სქესს და გენდერს შორის მნიშვნელოვანია სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში და ზოგადად ქცევის შემსწავლელ მეცნიერებებში. ამას უამრავი მიზეზი აქვს, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთ მიზეზზე გავამახვილებ ყურადღებას.

სოციოლოგი, რომელიც ჯგუფის ქცევას სწავლობს, ადამიანების გენეტიკურ ან ანატომიურ მახასიათებლებს არ უყურებს, რადგან მეცნიერების ამ დარგში ქალების და კაცების ქცევა განხილულია სოციალურ კონტექსტში. შესაბამისად, შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს "კაცის" სასქესო გამეტები, მაგრამ, ამასთანავე, ის თვითიდენტიფიცირდებოდეს ქალად.

ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანის სქესი მის გენდერულ იდენტობას არ ემთხევა ან როცა ინდივიდი სქესისა თუ გენდერის ბინარულ დაყოფას არ ერგება.

სტატიის ფარგლებში ამ ცნებებით ვისარგებლებთ, თუმცა მოგვიანებით მცირე შესწორებებსაც შევიტანთ.

"ბიოლოგიური სქესი" უბრალოდ ქრომოსომები არ არის

ფოტო: HGI

მოდით, განვიხილოთ გავრცელებული მოსაზრება: "ტრანსგენდერი ქალი/კაცი ნამდვილი ქალი/კაცი არ არის, რადგან სქესი ბიოლოგიურია". აქ უნდა ვიკითხოთ, რა იგულისხმება ბიოლოგიურ სქესში?

ყველაზე ხშირი და შედარებით ზუსტი პასუხი შემდეგია: ადამიანს, რომელსაც XX ქრომოსომული კომპლექტი აქვს, ქალია. ადამიანს, რომელსაც XY ქრომოსომული კომპლექტი აქვს, კაცია. თუმცა, ნამდვილად ასეა თუ არა ეს?

საქმე ისაა, რომ მთელი კაცობრიობის ქალად და კაცად კატეგორიზება, ზემოხსენებული განმარტებების მეხედვით, მცდარია. პირველ ყოვლისა, XX და XY კომპლექტი არაა მხოლოდ ორი შესაძლო ვარიანტი, რომელიც ადამიანებში გვხვდება. არსებობენ "ინტერსექს" ადამიანები, რომლებიც ქრომოსომული კომპლექტების ასეთ დიქოტომიაში არ ჯდებიან.

მაგალითად, ინტერსექს ადამიანებში ყველაზე ხშირად კლაინფერტელის (XXY) სინდრომი გვხვდება. ასეთ ინდივიდებს, ძირითადად, მამრობითი სქესის რეპროდუქციული სისტემა აქვთ და ხშირად შვილის ყოლაც შეუძლიათ, მაგრამ "კაცის" ზემოხსენებულ კატეგორიაში არ ჯდებიან.

შესაბამისად, ჩვენი ორსქესიანი სისტემა გადააზრებას საჭიროებს. მოდით, ასე ვთქვათ, არსებობენ კაცები (XY), ქალები (XX) და ინტერსექს ადამიანები, რომლებსაც ან XY-თან ასოცირებული რეპროდუქციული სისტემა აქვთ, ან XX-თან.

რადგან კლაინფერტელის სინდრომის მქონე ადამიანებს კაცის რეპროდუქციული სისტემა უვითარდებათ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი კაცები არიან? არა, არც აქაა მარტივად საქმე: ამ ლოგიკით გამოდის, რომ სქესი განისაზღვრება არა კარიოტიპით (ქრომოსომული კომპლექტით), არამედ რეპროდუქციული სისტემით. ეს კი მართებული არაა, რადგან ხანდახან "ნორმალური" კარიოტიპის მქონე ადამიანებს რეპროდუქციული სისტემა ბოლომდე განვითარებული არ აქვთ.

ადამიანების სასქესო Y ქრომოსომას ეგრეთ წოდებული SRY რეგიონი აქვს, რომელიც SRY ცილას აკოდირებს. ეს ცილა კი, თავის მხრივ, მამრობითი რეპროდუქციული სისტემის განვითარებაზე აგებს პასუხს. ზოგ ადამიანს დნმ-ის SRY რეგიონი "წაშლილი" — ტექნიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ქრომოსომული დელეცია აქვს, რის გამოც მამრობითი რეპროდუქციული სისტემა არ ყალიბდება.

ხანდახან SRY რეგიონი გენეტიკური მუტაციის შედეგად X ქრომოსომაზე აღმოჩნდება ხოლმე, შესაბამისად, მამრობითი რეპროდუქციული ორგანოების ნაცვლად, მდედრობითი რეპროდუქციული სისტემა ყალიბდება (სვეიერის სინდრომი). ასეთ ადამიანებს XY კარიოტიპი აქვთ, მაგრამ "გარეგნულად" მდედრობითი რეპროდუქციული ორგანოები — საშვილოსნოს მილი და ვაგინალური კანალი აქვთ.

გენების შემოწმების გარეშე ვერც იეჭვებთ, რომ ასეთ ადამიანს XY ქრომოსომული კომპლექტი აქვს. სვეიერის სინდრომის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ქალებად იზრდებიან და მეტწილად თავს ქალად მოიაზრებენ.

ბიოლოგიაზე საუბრისას რედუქციონიზმის ადგილი არ არის. ქალობას და კაცობას, ბიოლოგიური გაგებით, მხოლოდ სასქესო ქრომოსომები და რეპროდუქციული ორგანოები არ განსაზღვრავენ. სინამდვილეში, სქესი, ისევე როგორც ნებისმიერი კომპლექსური მოცემულობა მეცნიერებაში, სპექტრია. სწორედ ამიტომ, სკოლის ბიოლოგიის სახელმძღვანელოს თუ გაცდებით, აღმოაჩენთ, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მეცნიერები სქესზე ძალიან ფრთხილად წერენ.

მსგავს ტექსტებში გადაჭრით გაცხადებული დებულებების ნაცვლად, ფრთხილად ფორმულირებულ წინადადებებს უფრო ხშირად შეხვდებით: "XY კარიოტიპის მქონე ადამიანი ტიპიურად კაცია", "საშვილოსნოს მქონე ადამიანი მეტწილად ქალია" და ა.შ. ასეთ ფორმულირებებში სიტყვები, "ტიპიურად" და "მეტწილად" ერთობ მნიშვნელოვანია.

მეცნიერული კატეგორიზაციის პრობლემა და გენდერი

ფოტო: Lydia Ortiz

საბუნებისმეტყველო მეცნიერებას — ისევე, როგორც ნებისმიერ შემეცნებით დარგს — ერთი "პრობლემა" აქვს (თუ შეიძლება, ამას პრობლემა ვუწოდოთ), რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. საუბარი იმაზე მაქვს, თუ როგორ ხდება ცნებების, მოვლენების თუ ფენომენებისთვის სახელების დარქმევა. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ ძველ ბერძნული ანეკდოტი გამოდგება:

ფილოსოფოსი პლატონი ათენში ლექციას ატარებდა, სადაც მან განაცხადა, რომ ადამიანი უბუმბულო ბიპედია (ორ ფეხზე მოსიარულე არსება). ეს განმარტება დიოგენემ გაიგო და შემდეგ ლექციაზე მისულმა, შუაგულ ამფითეატრში გაპუტული ქათამი გაიტანა და ხმამაღლა განაცხადა, იხილეთ — ადამიანი!

წინა თავში შემთხვევით არ მითქვამს, რომ სქესი "სპექტრია". სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველაფერი სპექტრია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საზღვრებს რაღაცებს შორის მკვეთრად აღვიქვამთ, რეალურად ეს საზღვრები ბუნდოვანია. მაგალითად, აიღეთ ხილული სინათლის სპექტრი.

ჩვენ ფერების ცვლილებას ძალიან ნათლად აღვიქვამთ — უფრო სწორად, სპექტრზე ფერებს შორის საზღვრები იკვეთება. რაღაც მომენტში ყვითელი ნარინჯისფრდება, ნარინჯისფერი კი წითლდება. თუმცა, სინამდვილეში, ფერთა მსგავსი შესამჩნევი გადასვლა სინათლის ტალღას არ აქვს — ფიზიკურად, ეს გადასვლა გრადაციული და თანაბარია.

ანალოგიად შეგვიძლია უფრო მარტივი ბუნებრივი სისტემა, მთა ავიღოთ. სტანდარტული განმარტებით, მთა არის მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. ევერესტს რომ მთა დავუძახოთ, არავინ შემოგვედავება, თუმცა უფრო პატარა მთებს გორას ვეძახით. რატომ? როდის წყვეტს გორა გორობას და როდის ხდება ის მთა?

ჩვენი ტვინი ბუნდოვანი ინფორმაციის მკაცრ კატეგორიებში მოქცევისკენაა მიდრეკილი.

ისევ პლატონის და დიოგენეს ისტორიას მივუბრუნდეთ და დასვვათ კითხვა: შეგვიძლია თუ არა ადამიანს ან რამე რთულ სტრუქტურას მოვუფიქროთ განმარტება, რომელიც დამატებით შესწორებებს აღარ საჭიროებს? — ცხადია არა. მეცნიერებაში ყველაფრის კატეგორიზაცია პირობითია.

იგივე პრინციპი სქესისთვისაც ჭეშმარიტია. იმიტომ ვამბობთ ხოლმე, ორი სქესი არსებობს, რომ პოპულაციის უმეტესობა (თუმცა არა — ყველა) ამ განმარტებაში ჯდება. როდესაც სქესს გენეტიკოსი იკვლევს, მისთვის მნიშვნელოვანი კარიოტიპია; როცა სქესს ანატომიურად იკვლევენ, კარიოტიპი ნაკლებად ყურადსაღებია; ხოლო როცა სქესის განხილვა სოციუმის ჭრილში მიმდინარეობს, ასეთ დროს კარიოტიპი სრულად უგულებელყოფადია.

ამრიგად, სქესი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მრავალი კომპონენტისგან (გენეტიკური, ფიზიოლოგიური, ანატომიური და ა.შ.) სისტემა, რომელსაც მისი რომელიმე ერთი კომპონენტი კი არ განსაზღვრავს, არამედ — ერთდროულად ყველა. ის, თუ რომელი კომპონენტია მნიშვნელოვანი, დაკვირვების პერსპექტივაზეა დამოკიდებული. მაგალითად, როცა უროლოგთან მიდის კაცი, ძირითადად, ექიმი მხოლოდ შარდსასქესო სისტემებით ინტერესდება და ეს უკანასკნელი სქესის სინონიმური ხდება.

სუსტი კავშირი სქესსა და გენდერს შორის

ფოტო: Lydia Orti

ბევრის თვალში მეცნიერული ცნებები ერთმნიშვნელოვანია. მეორენაირად რომ ვთქვათ, პოპულარული წარმოდგენით, რაღაც ცნება ბუნებაში არსებულ კონკრეტულ რაღაცას შეესაბამება. თუმცა, მცირე დაკვირვებითაც კი ჩანს, რომ ეს ასე არ არის.

როდესაც მავანი ამბობს, რომ ტრანსგენდერი ქალი "ნამდვილი" ქალი არ არის, ის საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ვინმეს ქალობა მის კარიოტიპზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, როდესაც ვინმეს ბანკის რიგში "ქალბატონოთი" მივმართავ, მე მის ქრომოსომებს ვერ ვხედავ.

სანაცვლოდ, მე ადამიანის სქესს ქალის და კაცის არქეტიპზე არსებული სოციალური წარმოდგენის შესაბამისად ვასკვნი. სოციალური წარმოდგენები კი მთლიანად ნორმატიულია. სწორედ ამიტომ ჩემს ბავშვობაში გოგოებზე, რომლებიც თმებს იჭრიდნენ და ჯინსები ეცვათ, ამბობდნენ, რომ ბიჭური გარეგნობა აქვთ. ცხადია, რომ ბიოლოგიური გაგებით კაბების ჩაცმას ქალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სოციალურ კონტექსტსში გენდერსა და სქესს სწორედ ამიტომ განვასხვავებთ. ამგვარად, გენდერის განსაზღვრება იდენტობის დებულებაა (identity statement). იდენტობა კი სუბიექტური რამ არის და მისი ობიექტურად განხილვა უაზრობაა.

წინა თავში აღვნიშნე, რომ სისტემას კომპონენტთა ერთობლიობა ქმნის და რომელიმე ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მნიშვნელობა დაკვირვების პერსპექტივაზეა დამოკიდებული, ეს კი ბიოლოგიური სქესის შემთხვევაშიც ჭეშმარიტია. იმავეს თქმა გენდერზეც შეიძლება.

მაგალითისთვის, ინგლისურენოვან ქვეყნებში LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს ან ინტერსექს ადამიანებს გენდერის აღმნიშვნელი პირის ნაცვალსახელის (gender pronoun) პრეფერენცია აქვთ (he, she, they/them და ა.შ). მათვის ამა თუ იმ პირის ნაცვალსახელით მიმართვა გენდერული იდენტობის სოციალური ლეგიტიმაციის მისაღებადაა მნიშვნელოვანი. თუმცა იმავე თემის ქართველი წევრებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მათთვის ქართული რეალობაა პრიორიტეტული, პირის ნაცვალსახელები იდენტობის ნაწილი არაა, რადგან ქართულ ენაში გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები არ გვაქვს.

სქესის და გენდერული იდენტობის კავშირი ინდივიდუალური საკითხია. ვინმესთვის იმის თქმა, რომ შენ ქალი არ ხარ, აზრს მოკლებულია. თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, მაშინ ამას ვიკითხავ: ეტყოდით ქალს, რომელსაც XY კარიოტიპი აქვს, მაგრამ დაბადებიდან ქალის რეპროდუქციული სისტემა და ორგანოები აქვს (სვეიერის სინდრომი), რომ ის სინამდვილეში კაცია? ან კლაინფერტელის სინდრომის მქონე კაცს, რომელსაც მეუღლესთან ერთად ორი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, ეტყოდით, რომ ის სინამდვილეში კაცი არ არის?