კოპიანი მზის თევზი, იგივე Mola alexandrini ამდენი ხნის განმავლობაში პატარა საიდუმლოს ინახავდა. მისი ლარვისებრი მდგომარეობა მეცნიერებისთვის აქამდე სრულიად უცნობი იყო, თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარდა, მსოფლიოს უდიდესი თევზის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა — გიგანტური მზის თევზის მატლი საოცრად პაწაწინაა და თოვლის ფიფქს წააგავს.

ეს თევზი Mola-ს სამი სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც ავსტრალიის წყლებში დაცურავს. იგი 3 მეტრის სიგრძის იზრდება და 2 ათას კილოგრამზე მეტს იწონის. თევზი თავის ცხოვრებას ოკეანის სიღრმიდან ზედაპირზე მოგზაურობაში ატარებს. წყლის ზედაპირზე იგი თბება და თოლიების დახმარებით ანტიპარაზიტულ გასუფთავებას იტარებს.

მდედრი მზის თევზი ხერხემლიანებს შორის ნაყოფიერების ყველაზე მაღალი პოტენციალით გამოირჩევა. სწორედ ამ მიზეზის გამო, მეცნიერები გაკვირვებულები იყვნენ, თუ რატომ არასდროს უპოვიათ მათ ამ თევზის კვერცხები.

ზრდასრული Mola alexandrini.

ფოტო: Daniel Botelho / Getty Images

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრებმა მუზეუმში არსებულ თევზებზე დაკვირვება გადაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ მზის თევზების მატლები მათ ზრდასრულ ფორმებს იშვიათად ჰგვანან, რაც სპეციფიკური სახეობების იდენტიფიცირებას უფრო ართულებს.

მატლების ნიმუშები 2017 წელს იყო შეგროვებული, თუმცა სუსტი, სულ რაღაც 5 მილიმეტრამდე ზომის პაწაწინა ეგზემპლარებზე დნმ ანალიზის ჩატარება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ ნიმუშებისთვის მინიმალური ზიანი მიეყენებინათ, მკვლევრებმა ერთი მატლისგან თვალის კაკალი დიდი ძალისხმევის შედეგად ამოიღეს და ის შემდეგ დნმ ანალიზისთვის გამოიყენეს.

"ეგზემპლარის დნმ მიმდევრობა ჩვენი საერთაშორისო გაერთიანების მიერ შემუშავებულ მონაცემებს შევადარეთ. მიმდევრობიდან აშკარა თანხვედრა ზრდასრული Mola alexandrini-ს ნიმუშებთან მოხდა", — აცხადებენ მკვლევრები.

გუნდს იმედი აქვს, რომ მათი მიგნებების სხვა ისეთი სახეობების მატლების იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ, რომლებიც მუზეუმებშია განთავსებული.