2020 წლის 22 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ეივონ კოსმეტიკს საქართველოს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და ეივონ კოსმეტიკს საქართველოს დირექტორმა, ანა ცხადაძემ.

თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა თანასწორობის და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და რაც UNFPA-ს საქართველოს ოფისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ეივონი, როგორც საერთაშორისო ბრენდი, რომელიც გლობალურ დონეზე უჭერს მხარს ქალთა უფლებების დაცვას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, საქართველოში UNFPA-სთან პარტნიორობით დააფინანსებს გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას, სადაც ყურადღება გამახვილდება მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებაზე. ერთობლივი კამპანიის ძირითადი მიზანი იქნება:

  • გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების მხარდაჭერა;
  • საზიანო პრაქტიკებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და რეპროდუქციული უფლებების მხარდაჭერა;
  • მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო შეთანხმებებით არის უზრუნველყოფილი;
  • მოზარდი გოგონების და ახალგაზრდა ქალების ინფორმირება პოტენციური შესაძლებლობების შესახებ; და მათი მოტივირება, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად გააქტიურდნენ.

"გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის ჩართვა ქალთა უფლებების ადვოკატირების პროცესში. ვფიქრობთ, ეივონ კოსმეტიკს საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებით, უაღრესად პერსპექტიულ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქალებისა და გოგონების გაძლიერების საქმეში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა UNFPA-ს საქართველოს ოფისი იღებს პირდაპირ ფინანსურ კონტრიბუციას კერძო სექტორისგან", — განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ეივონ კოსმეტიკს საქართველოს დირექტორის, ანა ცხადაძის თქმით, ეივონი არ არის კომპანია სილამაზის ინდუსტრიიდან, ეივონი არის კომპანია, რომელიც აუმჯობესებს ქალების ცხოვრებას, უქმნის მათ უკეთეს მომავალს და ამისათვის მოღვაწეობს სილამაზის ინდუსტრიაში — "True power of beauty" ეს არის ის ღირებულება, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენი კომპანიის მისიას. უკეთესი მომავალი ქალებისათვის ნიშნავს, რომ ეივონი გლობალურად იმაღლებს ხმას გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით, დღეს საქართველოშიც გრძელვადიან ქმედებებს ჩაეყარა საფუძველი".

საწყის ეტაპზე მემორანდუმი ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. შესაბამის აქტივობების განხორციელებას პარტნიორები 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.