მსახიობი, მუსიკოსი, ფილმების პროდიუსერი და ახლა უკვე კომიქსების მწერალიც. რამე არსებობს, რისი კეთებაც კიანუ რივზს არ შეუძლია?

ჰოლივუდის ვარსკვლავი The New York Times-ის გრაფიკულ ნოველისტ მეტ კინდტთან გაერთიანდა და კომიქსების 12-ნომრიან სერიას, BRZRKR-ს, ქმნის.

კომიქსების ილუსტრირებას ალესანდრო ვიტი ითავებს, დისტრიბუციას კი — Boom! Studios, რომელიც ასევე გამოსცემს Power Rangers-სა და Bill and Ted-ს. კომიქსი მოგვითხრობს ძალადობრივ ნახევარღმერთზე, რომელიც თავისი არსებობის შესახებ პასუხების საპოვნელად დედამიწაზე მომთაბარეობს.

ფოტო: Boom! Studios

"საუკუნეების განმავლობაში სამყაროში ხეტიალის შემდეგ ბერზერკერმა საბოლოოდ იპოვა თავშესაფარი — ის აშშ-ის მთავრობისთვის იბრძვის ისეთ დაპირისპირებებში, რომლებიც ზედმეტად ძალადობრივი და ზედმეტად სახიფათოა სხვებისთვის", — წერია კომიქსის მიმოხილვაში.

მართალია, ამ ახალი პროექტით რივზი ახალი ტერიტორიების გამოკვლევას იწყებს, მაგრამ ჯონ ვიკის მსახიობი ამბობს, რომ ის ყოველთვის იყო კომიქსების მოყვარული.

"კომიქსები ბავშვობიდან მიყვარდა და, შემოქმედებითი თვალსაზრისით, მათ ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე", — თქვა რივზმა.

ფოტო: Boom! Studios

55 წლის ვარსკვლავის თქმით, კომიქსზე კინდტთან, ვიტისთან, ბილ კრაბთრისა და კლემ რობინსთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა "ახდენილი ოცნებასავითაა".

USA Today-სთან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ერთ დროს ის ვოლვერინის (Wolverine) როლის შესრულებაზე ოცნებობდა, ახლა კი ბერზერკერის როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა.

"ძალიან სახალისო ისტორიაა და მე თუ ვერა, იმედია, სხვა მაინც შეასრულებს [ბერზერკერის როლს]", — დაამატა რივზმა.

კიანუ რივზის კომიქსის შესახებ კომენტარი მეტ კინდტმაც გააკეთა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან კომიქსებზე მუშაობდა, როგორებიცაა Spider-Man და Justice League of America.

"[BRZRKR] ყოველივე იმის ნაზავი კოქტეილია, რაც ასე ძალიან გვიყვარს: წარსულით განგმირული უკვდავი მეომარი, შეთქმულებები, სპირიტუალიზმი, წარმოუდგენლად გიჟური საბრძოლო მოქმედებები და ძალადობა — ყველაფერი უაღრესად ემოციური მიზნისა და, საბოლოოდ, დამამწუხრებელი აღმოჩენისთვის", — ამბობს კინდტი.

BRZRKR-ის პირველი ნომრის დაბეჭდვა და გამოცემა 7 ოქტომბრისთვის იგეგმება.

ფოტო: Giphy