იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩანა შენგელია "ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის" თავმჯდომარე იყო და თანამდებობიდან მისი ძალისხმევით გათავისუფლდა. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

"ეს კონკრეტული ნოტარიუსი, ბაჩანა შენგელია, მე რომ დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, იყო ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის თავჯდომარე, რომელიც ჩემი ძალისხმევით გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან, რადგან ის მაშინვე იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი", — თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ნოტარიუსები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც "ზედაპირული დამოკიდებულებით" შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ამის გამო მას მოუწია მკაცრი ღონისძიებების გატარება და ბაჩანა შენგელიამ სწორედ მის მიერ შემოღებული დროებითი წესი დაარღვია.

"მათაც, როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, აქვთ ძალიან ბევრ ადამიანთან შეხება. ამიტომ გამოიცა დროებითი წესი სანოტარო საქმიანობის ძალიან მკაცრი პირობებით. მათ შორის ინსპექტირების ინსტიტუტი შემოვიდა. ამ კონკრეტულმა ნოტარიუსმა ეს დროებითი წესი, კოვიდთან ბრძოლის სტანდარტი, დაარღვია. ინსპეკტირებამ ეს გამოავლინა და 15 ივლისამდე, ანუ რამდენიმე კვირით, ეს უფლება ჩამოერთვა. 15 ივლისს ვადა გაუვიდა ამ აკრძალვას და მან გააგრძელა სანოტარო საქმიანობა", — თქვა წულუკიანმა.