ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრემიერის, მამუკა ბახტაძის საარჩევნო სიაში ჩასმაზე კონსულტაციები არ ჰქონიათ. მისი თქმით, ამ საკითხზე იმსჯელებენ და თუ ბახტაძის ინტერესებში იქნება.

"რაც შეეხება სიას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ მამუკაზე არის დამოკიდებული, რამდენად არის მის ინტერესებში ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობა. იქნება ბუნებრივია ამაზე კონსულტაციები და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა სიაში მოხვედრის ნიშანი ის, რომ ბახტაძე მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდა, კობახიძე პასუხობს:

"პრეზენტაციას, ბუნებრივია, ესწრებოდა, რადგან ის იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დღემდე არის ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. როგორც ყოფილი პრემიერი, მიწვეული იყო და მას ჰქონდა საპატიო ადგილი ამ ღონისძიებაზე".

ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენას ესწრებოდა. ამავე ღონისძიებაზე არ გამოჩენილა მეორე ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

ბახტაძის გამოჩენამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, რომ ის არჩევნებში ჩაერთვება, რაზე პასუხადაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: "მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუ ის [მამუკა ბახტაძე] პროპორციულ სიაში იქნება. ვფიქრობ, ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს".