"ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია სიუჟეტების შინაარსის კონტროლი", — ასე ეხმაურება მთავარი არხის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც აცხადებს, რომ მთავარ არხზე გასული სიუჟეტი განზრახ დამახინჯებულია. საძაგლიშვილის განცხადებით, უწყებას გადასცეს სრული მასალა სიუჟეტთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება სუს-ის განცხადებას და მიმდინარე გამოძიებას საბოტაჟის მუხლით, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი ფუნქცია შეიძინა — ეს არის სატელევიზო სიუჟეტების შინაარსის კონტროლი, რაც, ცხადია, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი", — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მთავარმა არხმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ მარნეულში მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ნათესავების დაღუპვის მიზეზად კორონავირუსის მითითებაში ფულს სთავაზობდნენ. სუს-მა ამ სიუჟეტის რესპონდენტები და ავტორები საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სიუჟეტის მიზანი იყო მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანა და სიტუაციის დაძაბვა. მათ მთავარი არხისგან მასალის სრული, უწყვეტ და დაუმონტაჟებელი ვერსიის მიწოდებას მოითხოვეს, შესაბამისი განჩინება სასამართლომ გამოიტანა.