პროექტი თავდაპირველად Chai Khana-ზე გამოქვეყნდა.

წარმოიდგინე, სრულიად მარტო ხარ უცხო ქვეყანაში, მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების გარეშე და უცბათ, ერთ ოთახში ჩაიკეტები. არც ის იცი, ზუსტად, როდის დაბრუნდები სახლში, ან მომავალში რა იქნება. ეს უცნაური დრო კიდევ უფრო რთული გამოცდილება აღმოჩნდა საერთაშორისო სტუდენტისთვის.

პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების პერსონალურ ისტორიებს უყრის თავს, იდეის ავტორის ჩათვლით. მარიამ მუმლაძე ვირუსის გავრცელების დროს დანიაში, ქალაქ ოლბორგში იყო.

აღმოჩნდა, რომ ყველა სტუდენტი უცხო ქვეყანაში თავისებურად უმკლავდება მარტოობას, მოწყენილობას, გაურკვევლობას, შიშსა და სასოწარკვეთას. სახლის შეგრძნების სურვილი სახლიდან შორს ყველა მათგანს აერთიანებს, თურმე. თუმცა, იზოლაციაში გამოწვევებს მაინც განსხვავებულად პასუხობენ და ამას უმეტესად მათი განსხვავებული კულტურა, ინტერესები, სოციალური კუთვნილება და ტრადიციები განსაზღვრავს.

მაგალითად, პროიტი და მისი მეგობარი ხაიალი ინდოეთიდან არიან, ერთ სამეზობლოში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში ხშირად დადიან მათ სახლთან ახლომდებარე მაღაზიაში, სადაც შორეული აღმოსავლეთის ინგრედიენტებს ყიდულობენ. საჭმელს ერთად საათობით ამზადებენ.

"ხშირად ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც სახლს გვახსენებს და ყველაზე მეტად გვენატრება. ეს რეალობიდან გაქცევას ჰგავს თითქოს, თან საოცრად გვამშვიდებს ამ არეულ დროს".

ხუანი კი კოლუმბიიდან არის, უკვე 12 წელია სამშობლოდან შორს ცხოვრობს. საოჯახო ფოტოები, წერილები, ზღვის ნიჟარები - ეს ნივთები ყველგან, სადაც მიდის, თან დააქვს და პატარა საოჯახო კუთხეს აწყობს, რომ სახლი მუდმივად გაახსენოს.

"რაც უფრო გავიზარდე, მივხვდი, რომ ამ ნივთებით, ფაქტობრივად, სახლი დამაქვს თან, ჩემი ჯავშანია".

ხუან პაბლო

კოლუმბია

ბოლო 12 წელია, ხან სწავლის, ხან სამსახურის გამო, ბევრ სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს დროსა და ადგილს, ყველგან, სადაც მივდივარ, თან დამაქვს ჩემი მეორე "მე". საოჯახო ფოტოები, ზღვის ნიჟარები, მნიშვნელოვანი წერილები სულ მიმაქვს ხოლმე და ერთ კუთხეს ვაწყობ ახალ სახლში, სადაც ყოველთვის არის ყვავილები, სანთლები და საკმეველიც.

როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ამ ნივთებით, ფაქტობრივად, სახლი დამაქვს თან, როგორც ჯავშანი. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, სულ გვქონდა ჩვენი საყვარელი გასართობი, კვირის დღეებიდან ყველაზე მეტად კვირა მიყვარდა. ამ დღეს მთელ ოჯახს შეგვეძლო ის გვეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა კოლუმბიაში: მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ნამცხვრის აუჩქარებლად გამოცხობა, სახლის დალაგების დროს ხმამაღლა სიმღერა, გრძელი და საინტერესო დიალოგები ერთმანეთთან ან ქალაქგარეთ გასვლა დასასვენებლად. იზოლაციის პირობებში, უფრო მეტად ჩავიკეტე ჩემს ჯავშანში. ერთადერთი, რაც ამ რთულ სიტუაციაში მაძლებინებს, ჩემ მიერ მოწყობილი კუთხეა. ამის დამსახურებაა, ჯერ ისევ საღ ჭკუაზე რომ ვარ.

ხუანი და ხულია

წინა წლიდან დაწყებული, მომავლის წინასწარმეტყველებით ვერთობით ესპანური კარტებით. დანიაში რაც ჩამოვედით, მივხვდით, რომ უკვე დრო იყო, ნამდვილი სამკითხაო კარტი გვეყიდა. დროდადრო, ერთად ვიყავით და ვკითხულობდით იმ მიზნით, რომ უფრო მეტი გვეფიქრა ჩვენს ცხოვრებაზე იზოლაციის პირობებში.

არც ვიცოდით, როდის შევძლებდით სამშობლოში დაბრუნებას, ხულია - წყნარი ოკეანის, მე კი, ატლანტის გავლით. ამ კარტით წინასწარმეტყველება, რაღაც თვალსაზრისით, ინტერნეტს ემსგავსება. მისი საშუალებით, კავშირი გვაქვს გარე სამყაროსთან, ჩვენ გარშემო და ჩვენ მიღმა არსებულ ენერგიებთან. ამ გზით ერთმანეთთან სიახლოვე შევინარჩუნეთ.

ხულია

ჩილე

ეს სახლი ჩემი ახლანდელი დღეების კარგი მემატიანეა. სანახევროდ აქ ვარ ფიზიკურად, დროის ნახევარს კი სხვადასხვა სივრცეში ვირტუალურად ვატარებ. ამ დრომდე, ორი საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც ცოტა გართობა შემიძლია. ერთი უდავოდ ჩემი საწოლია, რომელზეც ხან ვზივარ, ხან ვწევარ, ხან დახუჭული მაქვს თვალები, ხან გახელილი, ხან ჭერში ვიყურები, ხან თავი ბალიშში მაქვს ჩარგული; აქ ჩემი სხეული მოსვენებულია, ერთდროულად რამდენიმე ეკრანის მართვაც თავისუფლად შემიძლია; საათობით ველაპარაკები ადამიანებს, მათ სახეებს ვხატავ, ონლაინ ბიბლიოთეკაშიც დავძვრები. ჩემი სხეული მატყობინებს, როცა ვიღლები, ოთახის ხმებიც ძლიერდება ამ დროს და გარეთ გავდივარ, სადაც მზე ჩემს კანს ხვდება. ყვავილებიც უნდა მოვრწყა ხოლმე.

სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსის დერეფნები ახლა უმეტესად ცარიელია. როგორც ჩანს, ხალხს ოთახებში დარჩენა ურჩვენია. ქუჩები მენატრება, ხმაური, ჩემი სანტიაგოელი მეზობლები. ალბათ, ამიტომ მაინც გავდივარ გარეთ ჩემი ვარდისფერი მოსაცმლით. ყავას ვსვამ, თან სიგარეტს ვეწევი და გარშემო ვიყურები. ჩემს ნაცნობ რამდენიმე ადამიანსაც ვესალმები: ხუანს, დამასენსა და ანას. დანიელებთან ჯერ ვერ დავმეგობრდი. რა სასიამოვნო ყოფილა დილის მზე აქ, ხშირად არ გვანებივრებს ნამდვილად.

კზარინა

ფილიპინები

მარტოობის დროს ხატვა განსაკუთრებით მიყვარს. სიმშვიდეს მხოლოდ ამ პროცესში ვპოულობ. სახლიდან შორს, იზოლაცია კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მარტივი რაღაცები გენატრება ამ დროს, მაგალითად, მზის ჩასვლა ზღვაზე ან ბავშვის კოცნა. კედელზე ჩემი ნახატები ჩემს მოგონებებს, ფიქრებს, განცდებს ასახავს, იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სარკეც შემთხვევით არ ჰკიდია მანდ. სხვა დატვირთვაც აქვს, რეფლექსიისკენ მიბიძგებს.

ნატაშა

ბრაზილია

იზოლაციაში ყოფნის დროს, ჩემს თავს სულ სახლში წარმოვიდგენ ხოლმე, თითქოს ჩემს ეზოში ძაღლთან და კატასთან ერთად ვარ, ან ტელევიზორს ვუყურებ მშობლებთან ერთად ან ჩემს ორსაწოლიან საწოლში ვწევარ.

იმასაც მივხვდი, რომ იზოლაციას ჩემი აქაური ცხოვრება დიდად არ შეუცვლია. ისედაც, დროის უმეტეს ნაწილს ჩემს ოთახში ვატარებდი. უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულეები ახლაც იგივეა. ერთადერთი, ახალი ადამიანების გაცნობისა და მათთან ერთად მოგზაურობის შანსი ძალიან შემცირდა.

ბრაზილიაში, ჩემს ოთახში შევქმენი ამ კაბის დიზაინი, რომელიც ხელოვნებისა და მოდის ინჟინერიის ელემენტებს შეიცავს. ახლა, დანიაშიც რომ შემიძლია მისი გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ ჩემმა შრომამ და ინვესტიციამ გაამართლა. იმ დროში, რომელშიც მთავარი შუამავალი კომპიუტერია, ნელ-ნელა კიბორგს ვემსგავსები. ამ კაბას ისევ ვაცოცხლებ, მინდა მახსოვდეს, ვინ ვარ იზოლაციაში: ალბათ, ერთი ტექნოლოგიების ჭია გოგო, რომელიც უკვე მშვენივრად შეეჩვია მარტოობას.

ამანდა

ბრაზილია

ამ პერიოდში, ეგზისტენციალურ კითხვებზე მეფიქრებოდა, ძალიან მნიშვნელოვანზეც და ნაკლებმნიშვნელოვანზეც… ყოველდღიურად ვაკვირდებოდი როგორ იცვლებოდა ჩემში კონცენტრაციის ფაზები. იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც ჩემი გასაკეთებელია, თითქოს გაიზარდა. ვცდილობ, წონასწორობა არ დამერღვეს. მოთხოვნები გაცილებით უფრო მაღალია, თავისუფალი დრო თითქმის გამქრალია. ჩემს თავს ვახსენებ, რომ ეს ჩვეულებრივი დრო არ არის, რომ არავინ უნდა ინერვიულოს პროდუქტიულობის ხარისხზე შუა პანდემიის დროს. ვიღაცებს, ალბათ, არც აქვთ მოდუნების შესაძლებლობა.

მაშინ, როცა ამ თეთრ, ცარიელ ოთახში გადმოვედი საცხოვრებლად, სანამ მეორე მდგმურიც შემომიერთდებოდა, გაცილებით ნაყოფიერად ვმუშაობდი. იძულებით იზოლაციაში ჩემს ქცევასა და რეაქციებს ინტენსიურად ვაკვირდები. ყოველი დღე განსხვავებულია. ფურცელზე, რომელიც ახლა კომპიუტერის ეკრანზეა მიკრული, სიტყვა "რუტინა" წერია. მაგრამ მე მეამბოხე ვარ ბუნებით. კი მივყვები ხოლმე ზოგად ინსტრუქციას, მაგრამ იმპროვიზაცია მაინც მიყვარს. დასვენებისა და მუშაობის სივრცეები გაყოფილი უნდა მქონდეს; და კიდევ, მზე მჭირდება. როცა ყველაფერი გადაივლის, ნამდვილად მომენატრება იოგას ვარჯიში შესვენების დროს და სიჩუმეში ყოფნაც, იატაკზე წამოწოლილი. ახლა დავაფასე მზის სინათლე და პერსპექტივის შეცვლის სიკეთე.

პროიტი

ინდოეთი

სახლისგან შორს იზოლაციაში ყოფნა ძალინ რთული ყოფილა. დიდ ოჯახში ცხოვრებას ვარ შეჩვეული, ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვნახულობდი. ეს მდგომარეობა აბსოლუტურად შეცვლილია. ადამიანებთან ერთ სივრცეში ყოფნა მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ არც მარტო ვიწყენ ხოლმე.

აღმოვაჩინე, რომ თურმე შემძლებია თავის მიხედვა, მართალია ადვილი არ არის, მაგრამ მაინც. დალაგება და საჭმლის მომზადება ხანდახან ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც დამოუკიდებელი რომ გავხდი, კარგი შეგრძნება ყოფილა. სტრესს სიმღერით ვუმკლავდები. ვიდეო ჩართვები ჩემს მეგობრებთან ძალიან მეხმარება ასეთ დროს. მათთან ერთად კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობ და მშვენიერი განტვირთვაა ხოლმე.

ამ ფოტოში ფანჯრიდან ჰორიზონტს გავყურებ. ეკლესია და ღრუბლების კონტურები მოჩანს. მანქანები პანდემიამდე დროს მახსენებს, ტროტუარზე მოსეირნე ადამიანებსაც ვხედავ. მიყვარს ამ ფანჯრიდან ყურება. ყოველთვის რაღაც საინტერესო შეიძლება დავინახო.

პროიტი და ხაილი

საჭმელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმ ადგილთან ან ადამიანთან დასაკავშირებლად, რომლებიც შენგან ძალიან შორს არიან. ჩვენ ორივე ინდოეთიდან ვართ. საერთო ინტერესები გვაქვს, აღმოჩნდა, რომ თურმე ერთნაირი კერძები, სუნელები და გემოები გვიყვარს. ამ რთულ დროს ხშირად ერთად ვართ და ვცდილობთ ის გავაკეთოთ, რაც სახლს გაგვახსენებს. კერძების რეცეპტებს ვათვალიერებთ, სხვადასხვა აღმოსავლურ ინგრედიენტს ვყიდულობთ პროდუქტების ინდურ მაღაზიაში და მერე მთელი საათი ვამზადებთ საჭმელს. ეს თითქოს რეალობიდან გაქცევას ჰგავს, მაგრამ საოცრად გვამშვიდებს ამ არეულ დროს.

ხაიალი

ინდოეთი

იზოლაციაში ყოფნა სახლიდან შორს საერთოდ არ მიჭირს, თუმცა, როცა წარმოვიდგენ, რომ პანდემიის გამო სახლი შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს იყოს, ძალიან ვნერვიულობ. ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება, ისინი ვირუსით დაინფიცირების მაღალ რისკჯგუფში არიან.

აღმოვაჩინე, რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაცებით შემიძლია ბედნიერი ვიყო. ისიც გავაანალიზე, როგორი პირობითია ამ სამყაროში ყველაფერი.

სტრესთან გამკლავებაში კულინარია მეხმარება. სახლში ჩემს ოჯახსაც ხშირად ველაპარაკები. ჩემს მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობ.

განსაკუთრებით იმ რეცეპტების პოვნა მახარებს, რომლებიც ჩემი ქვეყნის სამზარეულოს მახსენებს. პროიტის ძალიან დავუმეგობრდი, ამ სახლშიც არ ვგრძნობ თავს უცხოდ. მადლობელი ვარ, რომ ეს სივრცე მაქვს.

მერაჯი

ირანი

კარანტინმა შემახსენა, რომ მე მანამდეც იზოლაციაში ვიყავი. ეს პერიოდი ჩვეულებრივი დღეებისგან ჩემთვის არ განსხვავდებოდა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ დამანახა, რამდენ მოგონებას ვინახავდი თურმე უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადმოსვლამდე. ახლობლებისგან შორს ყოფნა უკვე გამოცდილი მქონდა. ამ კრიზისმა ჩემს შიშებსა და ემოციურ მდგომარეობაზე უფრო დამაფიქრა. თან, თითქოს ეს განცდებიც აღარ არის უცხო, ყოველდღიურ რუტინად იქცა. ხატვა, ჩემი ფიქრების ვიზუალიზაცია ძალიან მეხმარება, რომ ერთ ადგილას არ გავჩერდე და ცხოვრება განვაგრძო. არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ეგუებიან ახალ გარემოებებს, მაგრამ რა მდგომარეობაშია ამ დროს ჩვენი ფსიქიკა? მას, მგონი უფრო დიდი დრო სჭირდება.

მადლენი

შვედეთი

გულწრფელად რომ გითხრა, იზოლაციაში სახლიდან შორს ყოფნას არ განვიცდი. უბრალოდ, ნერვებს მიშლის ის ფაქტი, რომ მე აქ ვარ მარტო, ჩემი შეყვარებული კიდე სტოკჰოლმში. რა კარგი იქნებოდა, ერთად რომ ვყოფილიყავით.

სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ თავი კარგად რომ ვიგრძნო, ადამიანებთან ურთიერთობა იმაზე ხშირად მჭირდება, ვიდრე მეგონა. აქამდე ვფიქრობდი, რომ მარტოხელა მგელი ვიყავი, მაგრამ ნურას უკაცრავად.

ჩემი რუტინა მაქვს. დილით ძალიან ადრე ვდგები და ეს ნამდვილად მამშვიდებს.

ყოველთვის ადრე ვდგებოდი, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით. საუზმის დროს არსად ვჩქარობ, თან შვედურ რადიოს ვუსმენ და ეს ყველაფერი პანდემიამდე დროს მახსენებს.
მუშაობის და დასვენების საათები გამიჯნული მაქვს. რადგან ახლა საქმეს სახლიდან ვაკეთებ, ასეთი რამ მოვიფიქრე: ზუსტად ვიცი, რა უნდა იყოს მაგიდაზე, როცა ვსწავლობ და რა უნდა ავიღო იქიდან, როგორც კი მეცადინეობას მოვრჩები. მგონი, ამ მეთოდმა გაამართლა, იცით?!

რიადი

ლიბანი

შორს ყოფნა ცოტა უცნაურიც არის და თან სასიამოვნოც. უცხო ნელ-ნელა ნაცნობი ხდება და ბოლოს, ახალ რეალობასაც ეგუები.

იზოლაციამ პრიორიტეტებსა და ურთიერთობებზე დამაფიქრა. მე ხალხთან ფიზიკური სიახლოვე მიყვარს. ეს ყველაფერი თითქოს აქამდე ბუნებრივი მოცემულობა მეგონა.

სულ ვცდილობ, ფეხით ვისეირნო, როცა ამის უფლება მაქვს. გარეთ ყოფნა უკვე ნოსტალგიურია ჩემთვის. შეიძლება ეს ჩემი რომანტიკული ბუნების ამბავიც არის, არ ვიცი. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ზუსტად ამას ჰქვია "სახლიც".

ჩემი საწოლი ძალიან მიყვარს. ეს ჩემი ტერიტორიაა. იქ ვიღვიძებ, იქ ვიძინებ, ხანდახან ვმუშაობ კიდეც. უკვე გარკვეული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. შეიძლება ითქვას, განუყოფლები ვართ. განსაკუთრებით, შუადღის ძილის დროს.

ნაჯამი

პაკისტანი

ჩემთვის, ახალი რეალობის მიღება რთული აღმოჩნდა. პირველ კვირას ძალიან მინდოდა პაკისტანში დაბრუნება, მაგრამ ფრენები აიკრძალა. ახალი სცენარით უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, სხვა გზა არ იყო. მომდევნო კვირებში ჩემი ოთახი ჩემს ახალ სახლად იქცა. სახლში თავს კარგად ვგრძნობდი და ნელ-ნელა ყოველდღიურ რუტინაში გადავეშვი.

დიდი ხანია, ვებგვერდისთვის კოდი არ დამიწერია, იზოლაციაში ყოფნის დრო გამოვიყენე და არა მხოლოდ პროგრამირება გავიხსენე, ჩემი სტარტაპის საიტიც კი განვაახლე.

ცოტა რამ არის, რაც ამ რთულ დროს სტრესს მავიწყებს. თუმცა, მათ შორის, ნამდვილად შემიძლია გამოვყო კითხვა, მუსიკის შექმნა, ყვავილების მორწყვა და ჩემი საყვარელი საჭმელების მომზადება.

ეს ფოტო კიდევ ერთი მდგმურის ოთახშია გადაღებული. თვითონ მოხატა და გაალამაზა. ერთფეროვნებამ ძალიან რომ არ შემაწუხოს, ხშირად მისი ოთახიდან ვმუშაობ. ამ ფოტოში ვებგვერდს ვაწყობ უნივერსიტეტის სემესტრული პროექტისთვის. ეს სივრცე თავისუფლების შეგრძნებას მიბრუნებს, ახალ გარემოში გაცილებით პროდუქტიულიც ვარ. ხანდახან ისიც აღარ მახსოვს ხოლმე, რომ პანდემიაა.

მელინდა

უნგრეთი

ამ უცნაურმა დრომ ჩემთვის ძალიან მოულოდნელად იმ გარემოში დამაბრუნა, სადაც გავიზარდე. იმ ოთახში ვარ, სადაც ბავშვობაში მთელ დღეებს ვატარებდი, თინეიჯერი გოგო ვიყავი და ბევრსაც ვოცნებობდი. დრო ისე სწრაფად გადის, ხანდახან მგონია, ფილმი "სტალკერის" ზონაში ვარ. თითქოს, ჩემს მოთმინებას ტესტავენ და მოსმენას, მოცდას, დაკვირვებას მასწავლიან.

განმარტოების ეს პერიოდი მარტოსულობას სულაც არ ნიშნავს. მე მაგალითად, მედიტაციისთვის ვიყენებ ამ დროს. ამ პროცესში შეიძლება ფრჩხილებიც კი მოვიხატო. ზუტად ისე, როგორც ჩემს ფოტოშია. ეს ყველაფერი მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

ჯიგმე

ბუტანი

პირველ რიგში, ჩემს ფსიქიკას გაუჭირდა ასეთ დროს სახლიდან, ოჯახისგან შორს ყოფნა, სრულიად უცხო ქვეყანაში. გარეგნულად შეიძლება სულაც არ გეტყობოდეს, პირიქით, კარგადაც შეიძლება გამოიყურებოდე, მაგრამ სახლი იმაზე მეტად გენატრება, ვიდრე ოდესმე. სულ იმაზე მეფიქრება, ვირუსი რომ შემხვდეს, სამშობლოში დაბრუნება ვერ შევძლო და ვეღარც ჩემი მშობლები ვნახო. იზოლაცია ერთი მხრივ, ასეთი მელანქოლიურია და მეორე მხრივ, საუკეთესო დროა ფიქრისთვისა და რეფლექსიითვის.

პანდემიამ ბევრი რამ ასწავლა მსოფლიოს. პირველიs, ალბათ ის, რომ ჯანმრთელობას ფულით ვერ იყიდი. თან როგორ მკაფიოდ დაგვანახა, რა სამყაროში ვცხოვრობთ - სრულად გაურკვეველსა და დაუცველში. მე მაგალითად, საკუთარი თავის შესწავლა დავიწყე.

როგორც კი სტრესი მტანჯავს, ჩემს მშობლებს ველაპარაკები. ამის გარდა, ლექციებს ვუსმენ ბუდიზმზე, ეს სულს ყოველთვის მამშვიდებდა. იმ მუსიკას ვუკრავ და იმ ფილმებს ვუყურებ, რომლებიც სახლშიც მიყვარდა ხოლმე, ეს მაძლიერებს.

სიჩუმეში ჯდომა და საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება დიდი შვებაა. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და მზისთვის სახის მიშვერა ჯანმრთელობაა ჩემთვის, თან დედამიწასთან კავშირსაც ვინარჩუნებ.

დიანა

ბელორუსი

იმ ფონზე, რომ მთელი მსოფლიო ძალიან უცნაურ მდგომარეობაშია, ადამიანები გაურკვეველი დროით ერთ ოთახში არიან გამოკეტილები, ვფიქრობ, მე გამიმართლა.

ისედაც, იმ ადამიანების რიცხვში ვარ, რომლებსაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უყვართ. ათასობით საქმეს მშვიდად, აუჩქარებლად ვაკეთებ ისე, რომ გარეთ არავინ მიხმობს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იზოლაციას ციხედ სულაც არ აღვიქვამ. თან, როცა მინდა მაშინ გავდივარ გარეთ და სუფთა ჰაერსაც ვსუნთქავ.

მიუხედავად იმისა, რომ დროებითი თავშესაფარია, ძალიან მიყვარს ჩემი ოთახი. ძალიან მოვინდომე რომ კომფორტულად მექცია და თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, იზოლაციაში ყოფნამ რაში დამარწმუნა, იცი? სახლი არის იქ, სადაც ხარ. აქ და ახლა. სულაც არ სჭირდება ბევრი იმას, რომ ფანჯრის რაფა რამდენიმე ყვავილით გაალამაზო, ან შენთვის ძვირფასი რამდენიმე ფოტო ჩემოდნით ჩამოიტანო და ახალი სახლის ცივი, თეთრი კედლები "გაათბო".

იმის ნაცვლად, რომ მთელი ცხოვრება ამ ყველაფრისთვის საუკეთესო დროს ველოდო, მე ახლა მინდა თავი სახლში ვიგრძნო; ცხოვრებით ტკბობა იქ მინდა, სადაც ვარ.

დროსა და ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის იქნებიან ნივთები, ადგილები, ადამიანები, რომლებიც მოგვენატრებიან. მაგრამ პირველ რიგში, იმ გარემოსთან უნდა იყო ჰარმონიაში, სადაც ხარ. სახლში ყოფნის შეგრძნება შენი არჩევანი უფროა, ის გარემო პირობებზე დამოკიდებული ნაკლებად მგონია.

ეს ჩემი მოკრძალებული დაკვირვებაა ამ უცნაურ და ცვლილებებით სავსე დროში. რაც არ უნდა შეიცვალოს სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით, მაინც უნდა შევძლოთ სიმშვიდის პოვნა და საკუთარი თავის შენარჩუნება. საერთოდ, ყველა გამოწვევა ახალს გასწავლის საკუთარ თავზე და იმ ადამიანებზეც, რომლებიც შენ გარშემო არიან.

მე მაგალითად, ფოტოებზე მუშაობა, ყველაზე რთულ დროშიც კი მეხმარება. განსაკუთრებით, ხელშესახები პროცესი მაბედნიერებს - ფირის გამჟღავნება, იმის აღმოჩენა, როგორ აღიქვამს ჩემი კამერის ლინზა სამყაროს.

უფრო მეტი თავისუფალი დრო ოთახის ოთხ კედელში შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა ახალი აღმოჩენებისთვისა და ანალიზისთვის.

ოლგა

უკრაინა

ძალიან მიჭირს სუფთა ჰაერზე გასვლის გარეშე ცხოვრება. გამიმართლა, რომ სახლს, რომელსაც ვქირაობ, პატარა აივანი აქვს. ჩემი საყვარელი ადგილია ამ კარანტინში.

როცა კარანტინი გამოცხადდა, ცოტა ამოვისუნთქე. ვიფიქრე, როგორც იქნა დამატებით დრო გამომიჩნდა, ყველა საქმეს დავასრულებ და საკუთარ თავსაც მივხედავ-მეთქი. იყო დღეები, როცა თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მაგრამ ისეთი დღეებიც მახსოვს, როცა საშინლად მოვიწყენდი ხოლმე და დეპრესიული ვხვდებოდი. სტრესთან გასამკლავებლად დღიურის წერა დავიწყე, უფრო მეტს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ჩემს თავს წარმოსახვით წერილებს, ჩანაწერებს ვუგზავნიდი.

არასოდეს გამიწყვეტია კავშირი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ამაზე მეტად მაინც არაფერი მამშვიდებს.

მარიამი (პროექტის ავტორი)

საქართველო

თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ძალიან არაპროგნოზირებად მდგომარეობაა - თითქოს ჩვენს კონტროლს არაფერი ექვემდებარება. ამ დროს, გაცილებით რთული ყოფილა, ათასობით კილომეტრი რომ გაშორებს სახლს, თან არც იცი, რა და როგორ იქნება რამდენიმე თვეში. გამუდმებით თვითმფრინავის ბილეთებს ვამოწმებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამით ვერაფერს შევცვლიდი.

მთელი დღე ორი ქვეყნის ახალ ამბებს ვეცნობოდი. საქართველოსა და დანიის სტატისტიკას და რეგულაციებს ერთმანეთს ვადარებდი.

ბოლოს შევეგუე იმ ფაქტს, რომ რამდენიმე თვე დანიაში მომიწევდა ყოფნა. ზუსტად ამ დროს საქართველოს საელჩოდან მეილი მომდის, მწერენ რომ კოპენჰაგენიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი დაინიშნა და ორ დღეში შემეძლო ბარგი შემეკრა და წავყოლოდი თვითმფრინავს. თუ ამ შანსს გავუშვებდი, დარწმუნებით ვეღარ მეუბნებოდნენ, კიდევ როდის დაინიშნებოდა პირდაპირი რეისი. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ამ დროს ჩემს თავში?

Should I stay or should I go - გაუცნობიერებლად ამ სიმღერის ღიღინი დავიწყე...

ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ მთელი სემესტრი ლექციები ონლაინ გაგრძელდებოდა. ბოლოს ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ თუ სახლში, ჩემს ოჯახთან ვიქნებოდი, გაცილებით ნაკლები სტრესი და შფოთი მექნებოდა.

სანამ გამოვფრინდებოდი, წინა ღამეს ქალაქში ჩემს საყვარელ ადგილას, პორტში წავედი კამერით ხელში, სრულიად მარტო. მერე ჩემოდანი ჩავალაგე, მეგობრებს დავემშვიდობე და მატარებლით კოპენჰაგენისკენ დავიძარი.

გრძელი მოგზაურობის შემდეგ, როგორც იქნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვით. წესის თანახმად, ორი კვირა კარანტინში, სპეციალურ სასტუმროში უნდა გამეტარებინა. ნომერში როგორც შევედი, მივხვდი, რომ უკვე სახლში ვიყავი. ძალიან მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ფირზე აღმებეჭდა. კამერაზე ტაიმერი დავაყენე და ეს ავტოპორტრეტი კარანტინში ყოფნის მე-14 დღეს გადავიღე.