შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი, გულბენკიანის პრიზით დაჯილდოვდა. თუნბერგმა ჯილდოდ მიღებული 1 მილიონი ევრო (3,5 მილიონი ლარი) მთლიანად გადასცა იმ ჯგუფებს, რომლებიც გარემოს დასაცავად და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად იბრძვიან.

"ეს იმაზე მეტი ფულია, ვიდრე წარმოდგენა შემიძლია, თუმცა ჯილდოდ მიღებული მთელი თანხა ჩემი ფონდის საშუალებით იმ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და პროექტებს გადაეცემა, რომლებიც ფრონტის ხაზზე მებრძოლი ხალხის დასახმარებლად იღწვიან. მათ უმეტესობას კლიმატის და ეკოლოგიური კრიზისი უშუალოდ შეეხო", — ამბობს შვედი მოზარდი ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გასულ კვირას გაავრცელა.

ფოტო: Getty Images

გულბენკიანის პრემიის ჟიურის თავჯდომარის, ჟორჟე სამპაიოს, თქმით, თუნბერგს პრიზი გადაეცა, რადგან "მან მოახერხა ახალგაზრდა თაობის მობილიზება იმ პრობლემების ირგვლივ, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს. მისი შეუპოვარი ბრძოლა კი, მუდმივი სტატუს-კვოს მოპოვებისთვის, აღნიშვნის ღირსია".

პრემიიდან მიღებული პირველი 100 ათასი ევრო გადაერიცხება SOS Amazonia-ს, რომელიც გრეტას ჩამოყალიბებული მოძრაობის, Fridays for Future-ის თაოსნობით ბრაზილიაში წარმართული კამპანიაა და ამაზონის დაბლობზე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის.

მომდევნო 100 ათასი ევრო გადაეცემა Stop Ecocide Foundation-ს, რათა, როგორც თუნბერგი აღნიშნავს ტვიტერზე, "მხარი დაუჭიროს მათ საქმიანობას, რომ ეკოციდი საერთაშორისო დანაშაული გახდეს".

ერთი მილიონი ევრო ყველაზე დიდი პრიზია, რომელიც 17 წლის გარემოს დამცველ აქტივისტს აქვს მოპოვებული. თუნბერგს ასევე მოგებული აქვს Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებებისთვის და და შვედური The Right Livelihood Award, რომელსაც ხშირად ალტერნატიულ ნობელადაც მოიაზრებენ.

ორშაბათს შვედმა აქტივისტმა განაცხადა, რომ მისთვის "უდიდესი პატივი" იყო, გულბენკიანის ყოველწლიური პრემიის მიღება.

თუნბერგმა და სამმა სხვა ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტმა წინა კვირის ხუთშაბათს პეტიცია შექმნეს, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, "კლიმატის საგანგაშო მდგომარეობას თვალი გაუსწორონ". პეტიციას ხელს 150 მეცნიერი და არაერთი ცნობილი ადამიანიც აწერს. ღია წერილის მოთხოვნებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ და სურვილის შემთხვევაში, თქვენც მოაწეროთ ხელი.