ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან, ლევან კობიაშვილი მარცხისთვისაა გაწირული.

როგორც მელია ამბობს, კობიაშვილს არც პოლიტიკა აინტერესებს და არც გლდანის მაჟორიტარობა.

"პოლიტიკურ სასაკლაოზე გამოუშვეს და ამჯობინეს, რომ სპორტსმენს წაეგო. მას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარობა არ უნდოდა, ასეთი ადამიანი ჩემთვის უფრო მძიმე საყურებელია, ვიდრე პრინციპულად ისტორიის არასწორ მხარეს დგას[...] გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?" — განაცხადა მელიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.

გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.