რაიან გოსლინგი Netflix-ის ახალ თრილერში კრის ევანსს დაუპირისპირდება. ფილმი The Gray Man მარკ გრინის ბესტსელერი წიგნების სერიას ეფუძნება და მასზე მარველის ფილმის, შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული, სცენარისტები და რეჟისორები იმუშავებენ.

ამ ეტაპზე ფილმის შესახებ ერთი რამის ვარაუდი თამამად შეგვიძლია: ეს დუეტი კინომოყვარულების გულებს მარტივად დაატყვევებს. ამასთან, ისიც ვიცით, რომ ფილმის წარმოება ძვირი დაჯდება — ოფიციალური ცნობით, The Gray Man-ის ბიუჯეტი $200 მილიონზე მეტს შეადგენს.

ფილმს ენტონი და ჯო რუსოები გადაიღებენ — ძმები, რომლებიც ევანსთან ერთად მარველის ისეთ წარმატებულ ფილმებს გაუძღვნენ, როგორებიცაა 2014 წლის კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი და 2019 წლის შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული. ფილმის სცენარი ჯო რუსომ თამაშის დასასრულის სცენარისტებთან, კრისტოფერ მარკუსსა და სტივენ მაკფილისთან, ერთად დაწერა.

The Gray Man-ში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჯაშუში კორტ გენტრი (გოსლინგი) დაქირავებული მკვლელი ხდება და მას ყოფილი კოლეგა, ახლა უკვე მოწინააღმდეგე, ლოიდ ჰანსენი (ევანსი) დასდევს. ძმები რუსოების წარმოდგენით, ამ ბორნისმაგვარ ამბავს იმის პოტენციალი აქვს, რომ ფილმების სერიად იქცეს, რომლის სათავეშიც გოსლინგის პერსონაჟი იქნება.

"იდეა ისაა, რომ ფრენჩაიზი შევქმნათ და მთელი ახალი სამყარო ავაგოთ. ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ პირველ ფილმში და იმედია, ეს ამბის გაგრძელების შესაძლებლობასაც მოგვცემს. საქმე დაოსტატებულ მკვლელებთან გვაქვს, გოსლინგის პერსონაჟს CIA დასდევს და ევანსის პერსონაჟს მისი დაკავება ევალება", — თქვა ჯო რუსომ.