მკვლევრებმა ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ნეირონულ ქსელს შორის გარკვეული მსგავსება იპოვეს, რომელსაც შეუძლია ახსნას, თუ რატომ განსხვავდება თვალის მიერ დანახული გამოსახულება გონებაში წარმოდგენილი გამოსახულებისგან.

fMRI სკანერისა და ნეირონული ქსელის, სპეციალური AI-ის დახმარებით, რომელიც ტვინის მისაბაძად შექმნეს, კვლევა ადამიანის ტვინსა და კომპიუტერული სისტემის მუშაობას შორის ახალ პარალელებს ავლებს.

გარდა იმისა, რომ ამ კვლევას შეუძლია პასუხი გასცეს, თუ რატომ არ ემთხვევა შენს გონებაში წარმოსახული ძაღლი რეალურს, იგი მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების შესწავლასა და ხელოვნური ნეირონული ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ჩვენ ვიცით, რომ წარმოსახვა დანახულს ხშირად ემთხვევა, თუმცა იგი აბსოლუტურად იდენტური არ არის. ჩვენ სწორედ იმის გაგება გვინდოდა, თუ კონკრეტულად რით განსხვავდებოდა ეს ორი ერთმანეთისგან", — განაცხადა ნეირომეცნიერმა ტომას ნასელერისმა.

მკვლევართა გუნდმა გენერაციული ნეირონული ქსელი გამოიყენა, რომელსაც როგორც გამოსახულებების შექმნა, ასევე მათი იდენტიფიცირება შეუძლია. გუნდმა შეისწავლა, თუ როგორ რეაგირებდა ის მაშინ, როდესაც ნიმუშს აანალიზებდა და ამავდროულად საკუთარსაც ქმნიდა.

შემდეგ ეს ანალიზი ადამიანის ტვინის ატქივობას შეადარეს — მოხალისეებს სთხოვდნენ, ეკრანზე გამოსახული ფოტოებისთვის შეეხედათ და ამავდროულად თავადაც წარმოედგინათ დანახული ობიექტი. შედეგად, ხელოვნურ ქსელსა და ტვინში არსებული ნეირონული აქტივობა გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა.

ადამიანის ტვინის შემთხვევაში, რაიმეს ყურების დროს ბადურიდან ტვინის ვიზუალურ ქერქში ზუსტი სიგნალები იგზავნება. თუმცა, გამოსახულების წარმოდგენის დროს ეს სიგნალები უფრო დაბურული და ნაკლებად ზუსტია.

ვიზუალური ქერქის გარდა, ტვინის სხვა ნებისმიერ ადგილში ყურებისა და წარმოდგენის დროსაც ნეირონული აქტივობა მსგავსი აღმოჩნდა, ეს კი, შესაძლოა, მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ როგორ განიცდის ტვინი ტრავმას და როგორ ახერხებს მისგან გამოჯანსაღებას.

მაგალითად, PTSD-ის შემთხვევაში, პაციენტები მომხდარის მეხსიერებაში მუდმივი გამოხმობით და მკაფიო გამოსახულებებით იტანჯებიან. როდესაც მკვლევრები შეძლებენ გაიგონ, თუ რატომაა ეს გამოსახულებები ასეთი მკაფიო, შესაძლოა, მათი შეჩერებაც შეძლონ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შედეგები გარკვეულწილად შეზღუდულია და მათი ალტერნატიული ახსნაც შესაძლებელია. შეუძლებელია დაადგინო, თუ როგორ გამოიყურება გონების თვალის მიერ წარმოდგენილი გამოსახულება ჩვენს ტვინში, რაც ინტერპრეტაციებს შესაძლებელს ხდის.

მიუხედავად ამისა, კვლევა ნეირონული აქტივობის შესახებ უამრავ საინტერესო მონაცემს გვთავაზობს, რაც მომავალში, შესაძლოა, ხელოვნური ნეირონული ქსელის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.