მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც მაჟორიტარულის სიტემის უპირატესობაზე საუბრობდა და ამ პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილებები ჩააგდო, მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის. ქართულ ოცნებას ახალ კანდიდატებს შორის ის არ დაუსახელებია.

ხუნდაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობასა და აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მისი მტკიცებით, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისგან უკმაყოფილებაც მიიღო იმის გამო, რომ პროპორციულის ჩაგდება "ითავა" და თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში 2016 წელს, "ოცნების" მაჟორიტარული სიით მოხვდა. მანამდე ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი და
სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი იყო. პარლამენტში ხუნდაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი იყო, სანამ მის თავმჯდომარედ არ დანიშნეს.

დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.

გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.