ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარ დეპუტატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო დაასახელა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის.

სერგეენკო თეა წულუკიანის შემდეგ მეორე მინისტრია, რომელიც ყველაზე დიდი ხანი იკავებდა პოსტს. ჯანდაცვის მინისტრი ის 2012 წლის 25 სექტემბერს გახდა, ხოლო თანამდებობა 7 წლის შემდეგ, 2019 წლის 18 ივნისს დატოვა. მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ასევე, მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა სოციალური მუშაკების ყველაზე მასშტაბური გაფიცვა, რისი მიზეზიც სამუშაო პირობები.

პროფესიით ექიმი დავით სერგეენკო მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში გენერალური დირექტორი იყო.

NDI-ს 2019 და 2018 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობა პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე დადებითად დავით სერგეენკოს მიმართ იყო განწყობილი.

დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარუდგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციული კანონპროექტი ჩააგდეს.

გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.