შეუთანხმებელი რეაბილიტაციის შედეგად მე-19 საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ისტორიული საფლავები გაანადგურეს. ინფორმაცია ამის შესახებ თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი დაადასტურეს. სააგენტოს განცხადებით, შესაძლებელია, დადგეს ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

თეოლოგის განმარტებით, ეკლესიაში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, რადგან ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.

ტიგინაშვილი ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურებოდა ეკლესია, როგორ აყარეს საფლავის ქვები და ჩაანაცვლეს ის მეტლახით.

ფოტო: გიორგი ტიგინაშვილი

ფოტო: გიორგი ტიგინაშვილი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაზიანების ფაქტს ხვალ, 20 ივლისს ადგილზე შეისწავლიან.

"წინასწარი შეფასებით არსებობს დიდი ალბათობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების, რამდენადაც სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევითაა შესრულებული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ე.წ რეაბილიტაციის საპროექტო განცხადებით სააგენტოსთვის არავის მოუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა" — აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, "მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს.

"საკითხის შესახებ უკვე ვაცნობეთ საპატრიარქოს და მის ხუროთმოძღვრების და რესტავრაციის საბჭოს", — აცხადებენ სააგენტოში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თვითნებურად დაწყებული რეაბილიტაციის გამო ისტორიული ძეგლები ზიანდება. სასულიერო პირები ეკლესიებში ხან კარადებს აშენებენ, ხან კი ბარელიეფებს მეტლახითა და კაფელით ანაცვლებენ.