რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა და მისი შემადგენლობა ყოველ სამ წელში იცვლება. მასში რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, სულ 20 პირი.

აფხაზეთის მხრიდან ე.წ. ელჩი გახდა: სოხუმის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ეშბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, განათლების დე ფაქტო მინისტრი ინალ გაბლია და სხვები.

რუსეთის მხრიდან კი ე.წ. ელჩების სიაში ჩაეწერა ახალგაზრდობის საკითხების ფედერალური სააგენტოს უფროსი ალექსანდრ ბუგაევი, ნაციონალობის სააგენტოს უფროსი იგორ ბარინოვი, მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი, მომღერალი ვალერია, პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი და სხვები.

როგორც გამოცემა Apsnypress წერს, ე.წ. ელჩები სოხუმში სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატერებენ, მათ შორის ნიკოლა ბასკოვი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

კომუნისტური პარტიის მართლმადიდებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში 2019 წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში დუმის დეპუტატების დელეგაციით ჩამოვიდა. იგი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომის წაყვანა დაიწყო. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი პროტესტი მოჰყვა.