გუშინ, 16 ივლისს, თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პიტბულის ჯიშის ძაღლი ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. მათივე ცნობით, თვითმხილველები ძაღლისაგან ქალის დახსნას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. როგორც არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, საბოლოოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა იარაღი ჯერ ჰაერში გაისროლა, რაზეც ძაღლს რეაქცია არ ჰქონდა, შემდეგ კი ძაღლს დამიზნებით ესროლა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავისა და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ, როგორ წავა მდგომარეობა", — განუცხადა რატიანმა რუსთავი 2-ს.