"ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ სულ ღამურებს, ეგება ისინი იძლევიან 5 ათას დოლარს. ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს", — ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საოკუპაციო რეჟიმის მორიგ ბრალდებებსა და დეზინფორმაციას.

პაატა იმნაძე, რომელიც ამასთან ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებები აბსურდულია.

"ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე კოვიდის ისტორიამაც დაადასტურა. ღამურებს იკვლევს მთელ მსოფლიოში ყველა, ვისაც ეს შეუძლია [...] სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ სულ ღამურებს, ეგება ისინი იძლევიან 5 ათას დოლარს, ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს. იმიტომ, რომ ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ", — აღნიშნა იმნაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მათ მიერ უკანონოდ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. მათი მტკიცებით, 3 ივლისს დაკავებულმა განაცხადა, რომ სოფელ არცეასა და გომში ღამურების დაჭერას აპირებდა, რომ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 5 000 აშშ დოლარად გაეყიდა.

დე ფაქტო რეჟიმი ღამურების დაჭერას აშშ-ს უკავშირებს და ამტკიცებს იმასაც, რომ მათ ინტერესებს ლუგარის ლაბორატორია ატარებს. მათი აზრით, ლაბორატორიის თანამშრომლები აშშ-ის ინტერესების შესაბამისად ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში ღამურებს იჭერდნენ. დე ფაქტო რეჟიმი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსს უკავშირდება.

ამ მიზეზებით დე ფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ღამურების დაჭერა და ე.წ. საზღვარზე გადატანა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ამიტომ საქართველოს მოქალაქე დაკავებულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო რეჟიმი ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და პროპაგანდისტული მოტივით ესხმიან თავს.