ღამით ძილი აუცილებელია. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი ყველაზე კარგად ისვენებს და აღიდგენს ძალებს შემდეგი დატვირთული დღისათვის. კარგად გამოძინების გარეშე თქვენ სახსრების ტკივილს იგრძნობთ და ცუდ ხასიათზეც იქნებით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბალიშზე თავის მიდებისთანავე ადვილად მიდიან სიზმრებში, სხვებს კი ამისთვის პოზიციების შეცვლა და მოთმინება სჭირდებათ. თუ დაძინების პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, ესე იგი, აუცილებლად გჭირდებათ დამატებითი პირობები, რომ თავს გემრიელი ძილისაკენ უბიძგოთ.

შეიქმენით მშვიდი გარემო

ფოტო: BPT

სასიამოვნო ტემპერატურა, სუფთა ჰაერი თქვენს ოთახში და სიმშვიდე - საკმარისი კომფორტია თქვენი სხეულისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლოგინში მოკალათებულს არ გაწუხებდეთ სინათლე ან ხმაური.

იფიქრეთ მხოლოდ კარგზე

ფოტო: sakkarin sapu/shutterstock

დაძინებამდე იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ბედნიერად იგრძნობდით თავს. სად მდებარეობს ეს ადგილი? როგორი ხმები ჩაგესმით? რა ხდება თქვენ ირგვლივ? ასეთი ფიქრით ტვინიც გაგივარჯიშდებათ და დაუვიწყარი სიზმრის წინაპირობასაც შექმნით. კარგია კუნთების მოდუნება მარტივი, რამდენიმეწუთიანი მასაჟით, რომლის გაკეთებასაც თავადაც შეძლებთ. მშვიდად ჩაძინებაში დაგეხმარებათ ღრმად სუნთქვაც.

მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას

ფოტო: snoozester

დაძინებამდე 5 წუთით ადრე მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც სიმშვიდესა და სიამოვნებას მოგგვრით. სცადეთ კლასიკა, გონებით აყევით რიტმს და შეიგრძენით მელოდია. ეს კარგი განტვირთვაც არის თქვენი ორგანიზმისათვის და მარტივად დაძინებაც გარანტირებულია.

დაწოლამდე მიიღეთ შხაპი

კარგი იქნება, თუ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე თბილ შხაპს მიიღებთ. ამის შემდეგ სუფთა და თბილ ლოგინში შეძრომა იმდენად სასიამოვნოა, რომ ვერც გაიგებთ, ისე ჩაგეძინებათ.

გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა

ფოტო: Africa Studio/shutterstock

აუცილებელია, დაძინებამდე 1 საათით ადრე მაინც გამორთოთ ყველანაირი კომპიუტერული მოწყობილობა, ლეპტოპი, ტელეფონი თუ სხვა. ნუ იდარდებთ სამსახურზე ან მომავალი დღის გეგმებზე. შეტყობინებები და ზარები თქვენს ტვინს აიძულებს, რომ კვლავ ფხიზელ მდგომარეობაში დარჩეს. უმჯობესია წაიკითხოთ წიგნი ან უბრალოდ დახუჭოთ თვალები და იფიქროთ იმაზე, რაც სიმშვიდეს გგვრით.