ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, რომ სკოლებში სწავლა ახალი სასწავლო წლიდან შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ერთდროულად ონლაინ და სასკოლო სწავლებას გულისხმობს.

გაბუნიას თქმით, სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება.

"მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება", — განაცხადა გაბუნიამ.