რუსმა ინსტაგრამ ბლოგერმა სერგეი ზამკადნიმ ახლახან ახალი ფოტოები გადაიღო, სადაც ურალის მთებში მდებარე მიტოვებული მაღაროს მიერ დაბინძურებული მდინარეა აღბეჭდილი. მდინარე სტაფილოსფრადაა შეფერილი.

ზამკადნიმ მდინარის ფოტოები გასულ კვირას გადაიღო. ახლა კი, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ.

ნარჩენები მდინარეში მიტოვებული სპილენძის მაღაროდან მოხვდა, რომელიც დასავლეთ ციმბირში მდებარე სოფელ ლიოვიხაში მდებარეობს. ნარჩენები, როგორც წესი, ტბორებში უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელმა წვიმებმა მათი გადმოსვლა და მდინარეში ჩაღვრა გამოიწვია. ამ წვიმებმა რეგიონში უამრავი შენობაც გაანადგურა.

ფოტო: Sergey Zamkadniy

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ბუნების დამცველმა ადრეი ვოლეგოვმა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს მაღაროსთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ გასულ წელს შეატყობინა. სახელმწიფომ კი განაცხადა, რომ პასუხისმგებელ კომპანიას ნარჩენების დამუშავების ფული არ ჰქონდა.

ეს ინციდენტი 2015 წელს კოლორადოში მომხდარ შემთხვევას ჰგავს, როდესაც ისეთი მძიმე მეტალები, როგორიც ტყვია და სპილენძია, წყალში აღმოჩნდა. კატასტროფის მიზეზს კი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომა წარმოადგენდა. მდინარეების მსგავსი დაბინძურება როგორც ველური ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც ძალიან საშიშია. კოლორადოს ინციდენტის დროს ადამიანებმა სასმელ წყალზე წვდომა დაკარგეს, რადგან იგი მომწამვლელი გახდა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ლიოვიხას რეგიონშიც მსგავსი პრობლემები შეიქმნას. სოფელი უკვე დიდი ხანია, რაც მაღაროს დახურვით გამოწვეულ სირთულეებს უმკვლავდება. ეს დასახლება ერთობ უცნაური მოვლენებითაა ცნობილი, მათ შორისაა 248 მუმიფიცირებული ემბრიონის აღმოჩენა და მასობრივი მკვლელობის ინციდენტი, რომელსაც 10-ზე მეტი ქალის სიცოცხლე შეეწირა.

აღსანიშნავია, რომ ციმბირი სხვა პრობლემების წინაშეც დგას. ბოლო დროს რეგიონში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ხოლო კომპანია Nornickel-ის ელექტროსადგურის დაზიანების გამო მდინარეში ტონობით დიზელი ჩაიღვარა.