Two and a Half Men-ის მსახიობ კონჩატა ფერელს ცოტა ხნის წინ გულის შეტევა ჰქონდა.

მისმა ქმარმა არნი ანდერსონმა განაცხადა, რომ მსახიობი, რომელიც ცნობილ სიტკომში ყველასთვის საყვარელი დიასახლისის, ბერტას, როლს ასრულებს, ავადმყოფობის გამო მაისში საავადმყოფოში დააწვინეს. მან რეანიმაციაში ოთხ კვირაზე მეტი გაატარა, რომლის განმავლობაშიც მსახიობს ერთხელ დაახლოებით 10 წუთით გაუჩერდა გული.

77 წლის მსახიობი ცოტა ხნის წინ კერძო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ახლა სასუნთქ აპარატზე და დიალიზზე იმყოფება. მართალია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მსახიობი მხოლოდ ნახევრადაა გონზე და საუბარი და კომუნიკაცია არ შეუძლია.

ანდერსონის თქმით, ის ხშირად ესაუბრება ცოლის ექიმს, მაგრამ კორონავირუსის უსაფრთხოების ზომების გამო მისი მონახულება არ შეუძლია (ფერელს არ აქვს ვირუსი, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფოში მნახველების მიღება აკრძალულია).

"გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სიტუაცია ნევროლოგიურია და პროცესის დასაჩქარებლად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მხოლოდ საუკეთესოს იმედად ვართ", — თქვა მან.

მსახიობმა თებერვალში განაცხადა, რომ დეკემბერში ის თირკმლის ინფექციის გამო იწვა საავადმყოფოში. ინფექცია გავრცელდა და მისი სისხლიც დააბინძურა, რამდენიმეკვირიანი რეანიმაციის შემდეგ კი მსახიობი გამოწერეს. ერთი თვის განმავლობაში ის წოლით რეჟიმზე იყო და ყოველდღიურად ფიზიკურ თერაპიას გადიოდა. ფერელის თქმით, ქმარი მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით იყო და დაუზარლად უვლიდა.