ამერიკის სამხრეთ-დასავლეთის ბევრი ადგილი ცხოველებისთვის მაინცდამაინც მეგობრული საცხოვრებელი ადგილი არ არის. უდაბნოში არც ისე ბევრი მცენარე ხარობს და შესაბამისად, არც ისე ბევრი ცხოველია.

ყველაზე გავრცელებული მცენარე აქ მარადმწვანე გობერნადორაა, რომელიც თეთრ ფუმფულა ნაყოფს ისხავს. ამ ნაყოფებს შორის კიდევ ერთი თეთრი, კარგად ადაპტირებული ცხოველი ცხოვრობს — თეთრი ბუსუსა ჭიანჭველა Dasymutilla gloriosa, რომელიც სინამდვილეში ბზიკის სახეობაა.

ფოტო: Joseph S. Wilson

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არსება ზემოხსენებული მცენარის ნაყოფს წააგავს, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ თეთრი ბუსუსები ევოლუციურად კამუფლაჟის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

საინტერესო ისაა, რომ ეს ბზიკი გობერნადორამდე დიდი ხნით ადრე ბინადრობდა უდაბნოში. შესაბამისად, მეცნიერებს სხვა ახსნის მოძიება დასჭირდათ.

Biology Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები ასკვნიან, რომ კრაზანას თეთრი ბუსუსები ტემპერატურის შენარჩუნებაში და გაგრილებაში ეხმარება. ამაზე მეტყველებს როგორც გენეტიკური მასალა, ისე მწერის თერმული დასურათება და ანალიზი.

როგორც ჩანს, თეთრი შეფერილობა და ბუსუსები ამ ცხოველის თერმორეგულაციას უფრო მეტად უზრუნველყოფს, ვიდრე კამუფლაჟს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯოზეფ ვილსონი ამბობს, რომ ხშირად ნიშან-თვისებების ევოლუციურ მნიშვნელობაზე საუბარი რიგი მიზეზების გამო რთულია.

"ჩვენ ვისწავლეთ, რომ წიგნი ყდით არ უნდა განვსაჯოთ", — ამბობს ვილსონი. მიუხედავად იმისა, რომ ბზიკი ადამიანებს თეთრად ეჩვენებათ, შესაძლოა, რომ თეთრი შეფერილობა მასზე მონადირე ცხოველებისთვის ძალიან განსხვავებულად ჩანს.