სახალხო დამცველმა 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია შეისწავლა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ექიმის მომსახურების პუნქტების ნაწილში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია, კერძოდ არ არის ხელსაბანი, გამდინარე წყალი, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა:

"ამ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გურჯაანის, დმანისის, გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ამბულატორიებში. ოთახები, სადაც განთავსებულია ამბულატორიები, ასევე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. კედლები და იატაკი დაზიანებულია, ფანჯრები არაჰერმეტულია".

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის პერიოდში (2019 წლის სექტემბერ-ნოემბერი) პრობლემური იყო სამედიცინო ნარჩენების გატანის საკითხი:

"ამბულატორიების ნაწილში არ არსებობდა ხელშეკრულებები სამედიცინო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ნარჩენები მცირე ზომის კონტეინერებში გროვდებოდა და საყოფაცხოვრებო ნარჩენთან ერთად, საერთო წესით გაჰქონდათ".

ამასთან, ომბუდსმენი წერს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ექიმებს სოფლად, თავად უწევდათ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება და შემგომ დაწვა ან მიწაში დამარხვა.

ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი არ მიეწოდება, ანდა გაზის საფასურის გადახდა უშუალოდ პერსონალს უწევს.

"ამბულატორიების ნაწილი, მაგალითად, სოფლებში - ჯიმითი, უჯარმა, გვიშტიბი, ჯანდარა, მუხროვანი, მაღლაკი, კირნათი, საჩინო - არ გარემონტებულა ბოლო პერიოდში, ამავე ამბულატორიებში არ არის/ან არ ფუნქციონირებს სველი წერტილები. ხშირ შემთხვევაში, ისინი განთავსებულია შენობის გარეთ და მინიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სავალალო მდგომარეობაა გარემონტებული ამბულატორიების სანიტარიულ კვანძებში, სადაც უხარისხო რემონტის გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სოფლებში - არაშენდა, ბაკურციხე, მაღლაკი, ჭოგნარი", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენმა დაადგინა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. კერძოდ:

  • ამბულატორიების ნაწილში აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩატარდეს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად, მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და მოეწყოს ხელსაბანი;
  • შშმ პირებისათვის მოეწყოს სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სივრცე;
  • ასევე აუცილებელია ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცის სათანადო სტანდარტებით მოწყობა.
  • მნიშვნელოვანია ექიმების კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა (რასაც მხოლოდ აჭარის ამბულატორიებში ვხვდებით), რათა ექიმებს წვდომა ქონდეთ სამედიცინო ბაზებზე და შეძლონ პაციენტთა ისტორიების ნახვა.