კარანტინის დროს დღიურების წერის შემდეგ ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა.

პედრო ალმოდოვარის ძმა, აგუსტინ ალმოდოვარი ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოთი აანონსებს, რომ ალმოდოვარმა თავისი პირველი ინგლისურენოვან პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ტილდა სუინტონი ასრულებს.

როგორც ფოტოში ვხედავთ, პედროც და ტილდაც ახალი ფილმის გადაღებებს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით იწყებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ 70 წლის ესპანელი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი იქნება: ალმოდოვარი კინოსურათს ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს ერთმოქმედებიანი პიესის The Human Voice მიხედვით გადაიღებს.

ჟან კოტქტოს ამ ცნობილი პიესის სიუჟეტი თითქმის მთლიანად ქალის სატელეფონო საუბარზეა დაფუძნებული, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მისი დიდი ხნის საყვარელი სხვა ქალზე ქორწინდება. მომავალი ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნება.

ალმოდოვარს ამ პროექტზე მუშაობის დაწყება ჯერ კიდევ აპრილში უნდოდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა და მხოლოდ რამდენიმე თვის დაგვიანებით შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება.

რაც მთავარია, ეს მისი ერთადერთი ინგლისურენოვანი ფილმი არ იქნება: ალმოდოვარმა ასევე დააანონსა, რომ ამერიკელი მწერლის, ლუსია ბერლინის მოთხრობების კრებულის A Manual for Cleaning Women მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს.

ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ამ ლეგენდარულ რეჟისორს თავის კიდევ ერთ ფილმში პენელოპე კრუსის გადაღება სურს, რაც მისი შემოქმედების მოყვარულებს მომავალში მრავალფეროვან სანახაობას ჰპირდება.