დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის (NCSC) განცხადებით, რუსი ჰაკერები კოვიდ 19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვას ცდილობენ. ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია APT29-ის სახელით ცნობილ ჰაკერების დაჯგუფებაზე, რომელიც კიბერშეტევას ახორციელებს ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებზე.

მათი თქმით, დაჯგუფება APT29, რომელიც ასევე ცნობილია როგორც the Dukes ან Cozy Bear, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებს. ამ განცხადებას იზიარებენ პარტნიორი ქვეყნების, კანადისა და აშშ-ს, კიბერუსაფრთხოების განყოფილებები.

"ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით, NCSC ვალდებულია დაიცვას ჩვენი ყველაზე კრიტიკული აქტივები და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ დროისთვის ჯანმრთელობის სექტორის დაცვაა", — აცხადებს NCSC-ის ოპერაციების ხელმძღვანელი, პოლ ჩიჩესტერი.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის კიბერ აქტივისტებს მიზანში ჰყავთ ამოღებული სახელისუფლებო, დიმპომატიური, ანალიტიკური, სამედიცინო და სხვა ორგანიზაციები, რომელთა ინტელექტუალურ საკუთრებასაც იპარავენ.

"ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ შეტევებს მათზე, ვინც ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ", — ამბობს ჩიჩესტერი.